ქრისტიანული სამყარო ხარების დღესასწაულს ზეიმობს

დღეს, ქრისტიანული ეკლესია საუფლო დღესასწაულს, ხარებას ზეიმობს, რომელიც ტრადიციულად, 7 აპრილს აღინიშნება. ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა, მარიამ ღვთისმშობელს, სწორედ ამ დღეს ახარა, რომ იგი ღვთის ძეს, იესოს შობდა.

ქრისტიანოლოგიაში, ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად ითვლება. ახლა, ხარების დღესთან დაკავშირებულ ამბავს, ცოტა უფრო ვრცლად გიამბობთ.

მოკრძალებული ქალწული მარიამი, პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ კი, სასწაულის წინაშე აღმოჩნდა. უფლისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა:

„გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის“.

მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა:

„ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ღვთის მადლი იპოვე. დაორსულდები, გაგიჩნდება ვაჟი და სახელად იესოს დაარქმევ. ის იქნება დიდი პიროვნება და ღმერთის ძე ეწოდება. მისცემს მას უფალი მამამისის – დავითის, ტახტს და ქვეყნის აღსასრულამდე იმეფებს იგი იაკობის სახლზე, არ ექნება დასასრული მის მეფობას“.

იმ დროს, მარიამი იოსებზე იყო დანიშნული და ამიტომ გაუკვირდა, ეს როგორ მოხდებაო. ანგელოზმა კი, მიუგო, რომ მასზე სულიწმინდა გადმოვიდოდა და უზენაესის ძალა მოჩრდილავდა. სწორედ ამიტომ, წმინდა შობილიც ღვთის ძედ იწოდებოდა. მაშინ მარიამმა თქვა:

„აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და მას ანგელოზი განეშორა.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

„იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“. (ლუკას სახარება 1,26-35; მათეს სახარება 1,20-21)

და მართლაც, იშვა იესო ქრისტე. კაცობრიობის მხსნელი და შემწე. სწორედ ამიტომ, ეს დღე, მართლმადიდებლური სამყაროსთვის, უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

მედია სააგენტო ,,24“ გილოცავთ ხარებას! ქრისტე იშვას თქვენს გულებში, მუდამ ბედნიერებითა და სიხარულით გებრწყინოთ.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი