“ქართველი კაცი, არ უნდა მიდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან”- მამის დარიგება 16 წლის ზვიადს

“მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე”…

ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიები

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პოლიტიკური მოღვაწის გარდა პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, მეცნიერი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იყო. მისი სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა 1962-1990 წლებს მოიცავს. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები რუსთველოლოგიის, ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიისა და ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები. როგორც ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი განმარტავს, ზვიად გამსახურდიას მრავალფეროვან სამეცნიერო და ესეისტურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია ავტორის ზოგად, თეორიულ-ლიტერატურულ შეხედულებებზე საუბარი. ზვიად გამსახურდიას აზრით, ჭეშმარიტი პოეზია ყოველთვის ღრმად სულიერია თავისი ბუნებით და რელიგიურ გამოცხადებასთანაა წილნაყარი.

“ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს”.

ეს ამონარიდი ზვიად გამსახურდიას ლექსიდანაა.

“მესხეთი” ნათლად ასახავს მის სულიერ კავშირს რელიგიასთან. მწერლობისა და რელიგიის ღრმა, შინაგან კავშირზე მწერალი მისი თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობდა. ,,ადამიანის სულიერი მოღვაწეობა შეითავსებს მეტაფორულ და მითოსურ აზროვნებას… ხატის, მითოსის გადმოცემით პოეზია რელიგიას, მსოფლჭვრეტას უახლოვდება”, – ამბობდა მწერალი.

იმასაც ამბობდა, რომ ლიტერატურამ, სახეობრივი აზროვნების გზით, მკითხველის სულიერ ამაღლებას, მარადიულთან, წარუვალთან თანაზიარებას ხელი უნდა შეუწყოსო. ამ სიტყვების შემდეგ ისევ მისი ლექსი ,,მესხეთი” მახსენდება.

“გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს”.

მწერალს კრიტიკისთვის ყველაზე შესაფერის ჟანრად ესეისტიკა მიაჩნდა.

“ესე, როგორც კრიტიკის ჟანრი, ფრიად პერსპექტიულია ამ მხრივ. მასში ფართო გასაქანი აქვს გაბედულ, მხატვრულ აზროვნებას“, – ამბობდა მწერალი.

რაც შეეხება მის აზრს მთარგმნელობითი მეთოდის შესახებ, იგი მიიჩნევდა, რომ მთარგმნელის უპირველესი ამოცანა, უნდა იყოს არა ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების ზედმიწევნითი კოპირება, არამედ დედნის პოეტური ჩანაფიქრისა და საერთო სულის შენარჩუნება.

ზვიად გამსახურდიამ თავის თარგმანებში საკუთარი თეორიული თვალსაზრისის პრაქტიკული რეალიზაცია მოახდინა. მისი გამოკვლევების, წერილებისა და ესეების კითხვისას ვრწმუნდებით, რომ მათ ავტორს თანამედროვე დასავლური ლიტერატურათმცოდნეობის დონეზე შეეძლო მსჯელობა ესთეტიკისა და კრიტიკის აქტუალურ პრობლემებზე.

“ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმატებული ამბებისათვის. ქართველი კაცი, მით უმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მიდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღვწოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ ,,ჭეშმარიტებას! ” მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!” – მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ეს წერილი 16 წლის ზვიადს მისწერა.

სწორედ მამის რჩევას მისდია ცხოვრების ბოლომდე მწერლობაშიც და პოლიტიკური მოღვაწეობის დროსაც. ყველგან თავის ისტორიას ქმნიდა – ზეაღმატებულს და უკვდავს.

“გაიღვიძე ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ! ” – ასე მოუწოდებდა მწერალი ზვიად გამსახურდია თავის თანამემამულეებს და აქვე დასძენდა: “მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში”.

უყვარდა თავის ქვეყანაც და ადამიანებიც. გამუდმებით იმას ცდილობდა, რომ პირნათლად შეესრულებინა თავის საქმე და დაუღალავად სამშობლოს გადარჩენისთვის ებრძოლა.

“სიყვარული იყო მისი მთავარი თვისება. ადამიანი უყვარდა და ეძებდა დადებითს. იმ ერთს და დადებითს. ადამიანებს, ვინც გარშემო ეხვია, ადამიანებად დარჩენის შანსს მეათასეჯერ აძლევდა”, – ასე იგონებს ზვიად გამსახურდიას სოსო თორია.

იქნებ, ამ უკიდეგანო სიყვარულმა და ადამიანების ნდობამ განაპირობა მისი ცხოვრების ბოლო პერიოდის მოვლენების ასე წარმართვა? ალბათ, ვიღაცამ მის სიყვარულს არ უღალატა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, ვიღაცამ კი ეს სათავისოდ გამოიყენა. არავინ იცის, რა მოხდებოდა, ასეთი ნდობა რომ არ გამოეცხადებინა თავის ,,კეთილისმსურველებისთვის”.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიკა მაჩხანელი