ფესვგამდგარი კლანი ქართულ სასამართლოში- ვინც რეფორმას აფინანსებს, სანქციებსაც ის აწესებს

“სახელმწიფო, რომელიც დონორების გარეშე ჩაატარებს სასამართლო რეფორმას და უარს იტყვის მათ ფინანსებზე, თავს აარიდებს იყოს, თუნდაც, ამერიკის ვასალი”, – აცხადებს ბესიკ ქარცივაძე.

რა ხდება ქართულ სასამართლო ხელისუფლებაში დღეს ისეთი, რაც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობია, რა მასშტაბის კორუფციული თუ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება ჩვენ თვალწინ, ასრულებს თუ არა დღესაც სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციას რიგ საქმეებზე მონა-მორჩილების რეჟიმში, როგორც იგივე ამერიკული პოლიტიკური წრეებიდან მხარდაჭერილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა და მაინცადამაინც ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის და გლობალური ცვლილებების ეტაპზე, რატომ წამოვიდა წინა პლანზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები? – ეს კითხვები ობიექტურ პასუხებს საჭიროებს ისევე, როგორც იმის ანალიზი, რა ტიპის სასამართლო ხელისუფლება ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში იგივე დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებით და რას ითხოვდა დასავლეთი? – არ მომხდარიყო სასამართლოში ნაჯახისებრი ჩარევა ანუ წმენდა და მოსამართლეებს მუშაობა გაეგრძელებინათ. ასეც მოხდა. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ოდიოზური მოსამართლეები, რომლებსაც საქართველოს სახელით უკანონო, პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი განაჩენები და გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ, უვადოდ დაინიშნნენ. ამით მათ გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს და თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, რომ არა ისევ პოლიტიკა და ამ მოსამართლეების სისტემიდან გაშვების გამოკვეთა.

როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ფაქტი – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 4 მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესება, ფასდება, როგორც სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და ხელისუფლების რღვევის ხელშეწყობად.

სასამართლო სისტემაში, რომ ყველაფერი კარგად არაა, საზოგადოებამ კარგად იცის, სავარაუდოდ, ხელისუფლებამაც. რეფორმების აუცილებლობა სახეზეა, ისევე, როგორც შელახული უფლებების აღდგენის აუცილებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტიკური წნეხის მსხვერპლი გახდა და რომლებიც დღემდე ითხოვენ საკუთარი უფლებების და ინტერესების აღდგენას. ამასთან, იმდენი საქმეა სასამართლოებში დაგროვილი, რომ საქმის განხილვას 2-3 წელი ვერ იწყებენ, ამას კი მოსამართლის თანაშემწეები იმით ხსნიან, რომ უამრავი სარჩელია სამსახურიდან გათავისუფლებულთა, თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ საზოგადოება ელოდა, რომ ის მოსამართლეები და პროკურორები სისტემას დატოვებდნენ, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ სამართალს აკანონებდნენ და უკანონობას ამტკიცებდნენ, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო მივიღეთ. დადუმდნენ ის ადვოკატებიც, რომლებიც პროფესიას არ ღალატობდნენ და საზოგადოებას აცნობდნენ უკანონობას, სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ დანაშაულებრივ ფაქტებს და ამის შესახებ რეჟიმის პირობებში იგივე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასობით საჩივარიც შევიდა. შედეგი? – ნული. მოსამართლეები – უვადოდ გამწესდნენ, ხოლო პროკურორები – დააწინაურეს. რაც შეეხება ადვოკატებს, მათ ამაზე დუმილი ამჯობინეს და თავისი საჩივრების შემდგომ ბედზე, არცერთ ადვოკატს ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მედიას აინტერესებს, რა მიდგომა აირჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ადვოკატების ასობით საჩივარზე, სადაც გაწერილი იყო კონკრეტულ მოსამართლეთა გადაცდომები და უკანონობანი.

ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე იმ ადვოკატთა შორისაა, რომლებიც გახმაურებულ და ე.წ. პოლიტპატიმართა საქმეებში მონაწილეობდა. ის არ მალავს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში პრობლემებია და ეს კლანის ბრალია თუ საკანონმდებლო კუთხით არსებული ხარვეზების, შედეგი ერთია – საზოგადოებაში საკუთარი სიმართლის ვერ დამტკიცების განცდაა. თუმცა, ადვოკატი ცალსახად აფიქსირებს განსხვავებას, 2012 წლამდე არსებულ სასამართლოსთან.

„პრობლემაა შერჩევითი მართლმსაჯულება, მნიშვნელოვანია კადრთან ურთიერთობაც, ვგულისხმობ მოსამართლეებს. რიგი მოსამართლეები, რომლებსაც გახმაურებულ პროცესებზე თუ ისე, გარკვეული გადაცდომები ჰქონდათ, თბილისს გაარიდეს, დროებით რეგიონებში გადაიყვანეს და მერე, ისევ თბილისში დააბრუნეს. ზოგი დააწინაურეს, ზოგი – ისევ რეგიონშია. ე.წ. ძველი კადრები, რომლებსაც ხელს ასაკი არ უწყობს ანუ არ არიან 65 წლის, რომ გავიდნენ სამუდამოდ დანიშვნის კატეგორიაში – სასამართლო კორპუსს ისეთივე სიმყარით ავსებენ, რა შემართებითაც 10-15 წლის წინ მოვიდნენ. ვინ დააშავა და რა არ გააკეთა კი არა, მთავარი არის ნება. თუ ნება არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში ხდება საკითხის რეგულაცია. რეგულაციის მარტივი ფორმაა განაჩენების ამოღება. ბევრჯერ დაიწერა მედიაში, რომ 2012 წლამდე გამამართლებელი განაჩენები მინიმალური პროცენტი იყო. დღეს რამდენია ეს პროცენტი? თუ ეს პროცენტი მეტობაშია, რა გაუმჯობესდა – მართლმსაჯულება თუ მიდგომა; და რატომ არ არის უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება იყოს?!“- განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს ქარცივაძემ.

ადვოკატი განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სტატისტიკაც და მისდამი ნდობაც ბევრად მაღალი იქნებოდა საზოგადოებაში, თუ სასამართლო ზომიერად გამოიყენებდა აღმკვეთი ღონისძიების სახით ელექტრო მონიტორინგს ისეთი დანაშაულების დროს, რომელიც მძიმე დანაშაულის კატეგორიას არ განეკუთვნება.

„სს კოდექსში არსებობს 198-199-ე მუხლი, რომელიც აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითვალისწინებს. შეიძლება ციხეზე არ გაუშვა, პატიმრად არ აქციო ბრალდებული და ელექტრო მონიტორინგის ქვეშ დატოვო – ე.წ. სამაჯური გამოიყენო. არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, რომ მეტ-ნაკლებად უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ეს მეთოდი. სტატისტიკა რომ ამოვიღოთ, რამდენია ელექტრო მონიტორინგის ქვეშ აღმკვეთი ღონისძიება, დავინახავთ, რომ არ არის იმდენი, რამდენიც შესაძლოა ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ ისეთივე მიდგომის ერთგვარი წინაპირობაა – დააშავე? ცოტა ხანი ციხეში იჯექი“, – აცხადებს ბესიკ ქარცივაძე.

რა გამოდის, კანონი ცნობს ელექტრო მონიტორინგს და სასამართლო მის გამოყენებას თავს არიდებს? – ასეც შეიძლება ითქვას იმ სტატისტიკიდან გამომდინარე, რაზეც ადვოკატები საუბრობენ. მოსამართლე, რომელმაც აღმკვეთი ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, აუტკივარ თავს არ აიტკივებს და პატიმრობას შეუფარდებს. როგორც კი, რომელიმე მოსამართლემ “თავი აიტკივა”, ქარცივაძის თქმით, მიუვარდნენ და უთხრეს, – რა უფლებით გადაწყვიტე?! რატომ გააკეთეო?! – ამიტომ მოსამართლისთვის მშვიდი ცხოვრება, საპენსიო ასაკამდე, უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, ერთგვარი ხიბლია, როდესაც მანტიაჩაცმული საქართველოს სახელით დარბაზში შედიხარ და ფეხზე გიდგება საზოგადოება, რადგან აცხადებენ, – სასამართლო მობრძანდება!

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსამართლეებად დღეს მეტწილად პროკურორები არიან. სასამართლო კორპუსში ქალბატონების მოზღვავებაა და მოსამართლეების თითქმის 75%-მდე, ქალები არიან. სხვათა შორის, პროკურორებიც ქალები პროცენტულად იმაზე მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები.

მოსამართლის მიუკერძოებლობა და პრინციპულობა მნიშვნელოვანია. უფლებადამცველის თქმით, აღმკვეთი ღონისძიების დროს, ისეთი მოსამართლეები იხილავენ საკითხს, რომელთა გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის მართალი და ისინი საპატიმრო სანქციებს იყენებენ.

„პირველი დაჯახება კანონთან არის მაშინ, როდესაც აღმკვეთი ღონისძიება იხილება. აღკვეთის მოსამართლეების 90% პირდაპირ კეტავს. კანონში შეიტანეს გადასინჯვა, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეიცვალოს. ეს მოსამართლე აპატიმრებს. შემდეგი მოსამართლე, წინა სასამართლო პროცესზე, ხედავს რა, რომ ამან დააკავა, ამბობს, – თუ რაღაც არაა, მე რატომ გავუშვა? – უნდა იყოს რაღაც გარემოება, რომ გაუშვა. მაგალითად, დაზარალებულის შუამდგომლობა, შერიგება და ა.შ. დაზარალებულს თუ შეურიგდა, მაშინ საქმე შეწყვიტე, რატომ არ წყვეტავ?“, – აცხადებს ბესიკ ქარცივაძე.

მისი თქმით, ბევრი ნიუანსია, რომელიც შემდგომში ერთ სიტყვად მოინათლა და დაარქვეს კლანი. ქარცივაძის თქმით, ეს არის კლანი პლუს ერთი დიდი უსასრულობა, რომელსაც ჰქვია საკუთარი თავის გადარჩენისთვის ყველაფერზე წამსვლელი.

რაც შეეხება იმას, რომ მუდმივად გვესმის – საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება და პასუხგაუცემელი კითხვების არდატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი განცხადებებიც გახშირდება და სანქციებიც დაწესდება, როგორც რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ვიხილეთ.

ამერიკული მხარე ბოლო დროს საქართველოში, სასამართლო ხელისუფლების მაკონტროლებლად მოგვევლინა და ეს პირველად არ ხდება. პირველ ჯერზე, კონკრეტული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოსამართლე ჩხიკვაძე მოსამართლეთა იმ სიიდან ამოიღო, რომლებიც ამერიკაში მიემგზავრებოდნენ კონკრეტული პროექტის ფარგლებში ამერიკული მართლმსაჯულების გასაცნობად. იმ ეტაპზე და არც შემდგომ, ამერიკის საელჩოს არ დაუკონკრეტებია მიზეზი, რის გამოც ქართველი მოსამართლე „დაისაჯა“. ქარცივაძე მიიჩნევს, რომ ეს ერთგვარი გავლენის დემონსტრირება იყო აშშ-ს მხრიდან. რაც შეეხება იმას, თუ არ გვინდა მსგავსი ფაქტები განმეორდეს, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს საშუალება გაქვს, დონორების გარეშე ჩაატარო რეფორმა და უარი თქვა მათ ფინანსებზე, მაშინ თავს აარიდებ იყო, თუნდაც, ამერიკის ვასალის ვასალი.

„განმარტება არ ყოფილა, ჩხიკვაძის ამოღების საფუძველი არ დაუკონკრეტებია ამერიკულ მხარეს. ეს საკითხი, ასე ვთქვათ, გამოკიდეს. რადგან გამოკიდეს, კითხვა გაჩნდა. ამ კითხვაზე კი პასუხი არ არის. ეს მაგალითი უკვე პრეცედენტია იმის, რომ ხვალ შენ, ქართული გვარის მოსამართლევ, ასეთი პროცესების შემდგომ საფიქრალი გაგიჩნდება, რა გააკეთე და რატომ“, – აცხადებს ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე.

მისი თქმით, დღეს ნაკლებია საუბარი კონკრეტულ პრობლემებზე, თუნდაც ისეთზე, როგორიც არის სამართლებრივი მიმართულების მონიტორინგის არარსებობა. არ ხდება განაჩენებზე მუშაობა ანუ ჩვენთან არ არის სასამართლო მონიტორინგი. ეს კი სასამართლოს იმიჯზეც აისახება.

ფაქტია, დღეს ქართულ სასამართლოს დიდი გამოწვევა და რთული პერიოდი აქვს. ამერიკამ ე.წ. წითელი ბარათი უჩვენა და მმართველ ძალას მნიშვნელოვან ხარვეზზე – სასამართლოს კლანურ მმართველობაზე და კორუფციაზე მიანიშნა. ხელისუფლებამ ერთხმად კონკრეტული მტკიცებულებები მოითხოვა, პრემიერმა კი სასამართლო ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრით, მათ ერთგვარი ხელშეუხებლობის ქოლგა შეუქმნა.

მართლმსაჯულებაში ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ ევროკავშირშიც. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილი 12 პუნქტი სასამართლოს კუთხით ცვლილებების აუცილებლობასაც ითვალისწინებს. შეუშლის თუ არა ხელს მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამის გარკვევა არცთუ შორეული მომავლის საქმეა. დღეს კი, ფაქტია, არაერთ ქვეყანასთან შედარებით, ქართული კანონმდებლობა ბევრად პროგრესულია. გარდა ამისა, მოსამართლეები პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რადიკალები სანქცირებული მოსამართლეების სისტემიდან გაშვებას ითხოვენ. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, იურისტი ანა დოლიძე კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს სანქცირებულ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ ჩამოართვას.



„მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს „ღირსების ორდენი“. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, – წერს ანა დოლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

დოლიძის პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიცია. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამაყობს ქართული სასამართლოთი და ყველა მოსამართლით. მისივე შეფასებით, ქართული სასამართლო დღეს თავისუფალია კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისა და გავლენისგან.

ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, გავლენისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. რედ.) და მოსამართლეების დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შორენა კოწოწაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი