“რიკოთის პროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება“ – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები, რიკოთის პროექტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას ავრცელებენ.

მათივე თქმით, ის ფაქტიც ტყუილია, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, შარშან უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში, პროექტის დასრულების ვადად 2023 წლის ბოლოა გაცხადებული.

„მიუხედავად ბოლო დღეებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული დეტალური ინფორმაციისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები, განაგრძობენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით. როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მედიის წარმომადგენლები, არ ერიდებიან საზოგადოებისთვის ტყუილზე, ფაქტობრივ უზუსტობებსა და დამახინჯებულ გარემოებებზე აგებული ინფორმაციის მიწოდებას, რითაც სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომპანიების და პროექტის მიმართ, ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას ისახავენ მიზნად. ეს ადამიანები, კორუფციული ფაქტების არსებობაში მოსახლეობის დარწმუნების მიზნით, სრულიად დაუსაბუთებელი და ცარიელი ბრალდებების ტირაჟირებას ახდენენ“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ახალი გზის გარკვეული მონაკვეთებით მოსახლეობა უკვე სარგებლობს.

მათივე განმარტებით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია, საერთაშორისო ტენდერის გზით არის შერჩეული. უშუალოდ ტენდერები კი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობითაა ჩატარებული. ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით. შესაბამისად, კორუფციაში სახელმწიფო უწყებების დადანაშაულება, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტის მიმართ, ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას ემსახურება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში საუბარია, სამუშაოების წარმოების სიახლოვეს არსებული სოფლების მოსახლეობის პრეტენზიების შესახებაც. მათი განმარტებით, სოფელ ფუთში, სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის საზედამხედველო კომპანიამ, სოფელში მდებარე ყველა შენობის წინასწარი კვლევა ჩაატარა, ყველა ნაგებობის ბზარი მონიშნა და მიმდინარე აფეთქებების ვიბრაციაზე, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის მიერ, აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ვიბრაცია, გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე, უახლესი აპარატურით გადამოწმდა.

როგორც ცნობილია, ვიბრაციის მაჩვენებელი მინიმალური იყო და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში, საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც შეამოწმა. პროექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა კი, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა.

“რაც შეეხება მე-4 გვირაბს, მის თავზე არ არის არცერთი სახლი. გვირაბიდან 250 მეტრში არსებული ყველა სახლი მონიშნულია და ვიბრაციის გადაჭარბება არ ფიქსირდება. თებერვალში, გვირაბის თაღსა და გრუნტს შორის არსებული მცირე მანძილისა და დიდთოვლობის გამო ჩაიშალა მიწის მცირე მონაკვეთი, რომელიც არ იყო არავის კერძო საკუთრებაში. ყველა სახლზე არსებული ბზარი ამჟამად მონიშნულია და მიმდინარეობს მონიტორინგი. პირველადი დაკვირვებით, ბზარებზე ცვლილებები არ შეინიშნება. ამასთან, ერთ-ერთი მცხოვრებლის სახლზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შესაბამის დასკვნას ამზადებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაფიქსირდა ისეთი ფაქტიც, როდესაც მე-5 გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მიმდებარე სამმა მოსახლემ, ქონების გამოსყიდვა მოითხოვა. მათ ზესტაფონის სასამართლოში, სარჩელიც წარადგინეს, თუმცა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, იმის გამო, რომ თითოეულის საცხოვრებელი სახლი მაგისტრალის სავალი ნაწილიდან დაშორებულია, სახლების ტექნიკური მდგომარეობა უცვლელია და მათზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა არ დგინდება. მე-5 გვირაბის სამშენებლო მოედანთან აშენებული ბეტონის ქარხანას რაც შეეხება, 2021 წლიდან იგი აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსახლეობის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

“სატელევიზიო სიუჟეტში არასწორი და არასრული ინფორმაცია გავრცელდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთთან დაკავშირებითაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება საგზაო დეპარტამენტსა და Akkord Industry Construction Investment Corporation OJSC-ს შორის 2021 წლის 3 ნოემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ამოქმედდა ავანსისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 13 641 529 ლარი. სამუშაოების დასრულების მიზნით, ორჯერ ხელახლა გამოცხადებული ტენდერი, არ შედგა. მაისში გამოცხადდება მორიგი ხელახალი ტენდერი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მედიის წარმომადგენლებს, ინფორმაციის გავრცელებამდე, პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან დაკავშირებისა და გადამოწმებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მედიას სთხოვენ, რომ დამახინჯებული ფაქტებით გაჯერებული მონაცემებით, საზოგადოებას, შეცდომაში ნუ შეიყვანენ.

სალომე ხომასურიძე


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი