თბილისის ქუჩები ყოველდღიურად მოირეცხება
24 აპრილიდან, დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება. სამუშაოები ყოველ ღამით, 00:00 საათიდან, 07:30 საათამდე იწარმოებს. ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები.
ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, ქუჩებს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, განახლებული ტექნიკით, სისტემატურად მორეცხავენ. საჭიროების შემთხვევაში, მერია დახმარების თხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს.
„თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან. მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამაც ისაუბრა. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ წელს, “თბილსერვის ჯგუფს“, სამუშაოების ეფექტიანად შესრულებისთვის, განახლებული რესურსი აქვთ.
“ჩვენ მასშტაბურ დასუფთავებას წინა წლებშიც ვახორციელებდით, თუმცა „თბილსერვის ჯგუფს“ არ ჰქონდა სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა. ახლა ჩვენ უკვე ყველანაირი აღჭურვილობა შევიძინეთ და მზად ვართ, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ქუჩების სისტემური მორეცხვა. ასზე მეტი ქუჩა მოირეცხება, ყველა მნიშვნელოვანი პანდუსი, გამზირი, გზაგამყოფი და ა.შ. იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის გზების დასუფთავებასთან დაკავშირებით, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ აღნიშნა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით შევხვდებიან ზაფხულს. შეიძინეს 15 ერთეული სპეცტექნიკა.
” შარშან, ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ ქალაქს ჩვენივე ტექნიკა აბინძურებდა, წელს ეს პრობლემაც აღარ გვაქვს, შეძენილია კერხერებიც და სპეცტექნიკაც“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.
როგორც ცნობილია, გზების მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
სალომე ხომასურიძე