“სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს, შთამბეჭდავია” – სერბეთი საქართველოზე ვრცელ სიუჟეტს ამზადებს
საქართველოს შესახებ ვრცელ სიუჟეტს ევროპის არაერთი ქვეყნის ტელემაყურებელი იხილავს
საქართველოში სერბეთის პოპულარული სატელევიზიო გადაცემების შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის, საქართველოს შესახებ, ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ, რომლის ნახვასაც შემდეგ არხებზე შეძლებთ: UNA, K1-ი, Kitchen TV, EkoTV, insajder-ი.
საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას, სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე, პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.
როგორც გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მარკო მილიშევიჩი აცხადებს, უცხოეთში მოგზაურობისას ხშირად საუბრობს საქართველოზე, ქართველ ხალხსა და სამზარეულოზე. რამდენიმე თვის წინ კი, სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ იდეა გაჩნდა, რომ საქართველოს შესახებ სამოგზაურო გადაცემა მოემზადებინათ.
გადაღებების ორგანიზებაში საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეხმარებათ.
“სადაც არ უნდა ვიმოგზაურო სულ საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ქართველ ხალხზე ვსაუბრობ და ყველას, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნები ეწვიონ საქართველოს. ჩვენ ვამზადებთ გადაცემას კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ტურისტი იმოგზაურებს ბალკანეთის ქვეყნებიდან საქართველოში. ვფიქრობ ჩვენი გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს გადამღები ჯგუფის წევრი მარკო მილიშევიჩი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში, სერბული მედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით-გარეჯას, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ. პალიასტომის ტბაზე კატერით გაისეირნებენ და დაშბაშის კანიონზე ზიპლაინით დაეშვებიან.
“მსახიობი ვარ სერბეთიდან. პირველად ჩამოვედი საქართველოში, რომ გადაცემა მოვამზადოთ ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ. ეს ჩემი პირველი დღეა და ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ, ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს“, – ამბობს მსახიობი გორიცა რეგორდიჩი.
სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.
სალომე ხომასურიძე