“ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნებთან შედარებით, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული” – ნიკო ნიკოლაძე
“მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც”.
2023 წელს, საქართველო ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლისთავს აღნიშნავს.
ნიკო ნიკოლაძე ყველა დროის ერთ-ერთ დიდი ქართველი მოაზროვნე და პოლიტიკოსი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება ფოთის აღმშენებლობა. საზოგადო მოღვაწე, თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო, როგორც მახვილგონიერი, მრავალმხრივ განათლებული, ნაყოფიერი პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი.
ამბობდნენ, – ნიკო ნიკოლაძემ დროს გაუსწროო. ყველას აცვიფრებდა გაბედული გეგმებითა და პროექტებით, საინჟინრო-ეკონომიკური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალურობით. იგი არ ჩამოუვარდებოდა თავისი დროის დიდ მეცნიერებს. ტექნიკური პროგრესის მამამთავარი იყო საქართველოში. როგორც ამბობენ, თანამედროვე ცოდნით, უშრეტი ენერგიით და რაინდული გამბედაობით გამოირჩეოდა.
ნიკო ნიკოლაძე, 1843 წლის 27 სექტემბერს (9 ოქტომბერი), ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების დიდი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაატარა. მისთვის ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს კარი მუდამ ღია იყო, მაგრამ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი გული მაინც საქართველოსთვის ძგერდა. ყოველთვის უკან ბრუნდებოდა და მიღებულ ცოდნას თავისი ქვეყნის კეთილდღეობას ახმარდა.
“მე დამივლია ევროპა, და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა”, – ამბობდა საქართველოზე შეყვარებული ნიკო ნიკოლაძე.
XIX საუკუნის დიდი მოღვაწის განათლებაც ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც მისი ცხოვრება. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში ინჟინერიის განხრით განაგრძო, მაგრამ შემდეგ ამ პროფესიას თერგდალეულობა არჩია და 1861 წელს, პეტერბურგში, სამართლის შესასწავლად გაემგზავრა. შემდეგ იყო პარიზი და შვეიცარია.
1869 წელს, ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და დაგროვილი ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას შეუდგა.
ევროპაში ცხოვრებამ ნათლად დაანახა, რომ ადამიანის ერთადერთი იარაღი და სახელმწიფოს განვითარების მთავარი გარანტი განათლებაა.
“ჩვენს საზოგადოებაში, ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთ მშვენიერს დილას ჩამოგვიფრინდება, ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის… ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ… მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც”, – ამბობდა ნიკო ნიკოლაძე.
მუდამ განათლების განვითარებაზე ფიქრობდა. ამ სურვილმა ისეთი ნაბიჯიც კი გადაადგმევინა, რომ ქართულმა თავად – აზნაურობამ დაგმო მისი საქციელი. 1872 წელს, დები, დეიდაშვილები და მომავალი მეუღლე, ოლიკო გურამიშვილი, ბიჭურად გადაცმულები შვეიცარიაში, განათლების მისაღებად გაუშვა. იმ პერიოდში, საზღვარგარეთ ქალებისთვის სწავლის უფლების მიცემა ყოვლად წარმოუდგენელი იყო. თავად-აზნაურთა აღშფოთებას მის შეხედულებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
განსხვავებული იყო მისი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის მიმართაც. არც ამ შემთხვევაში დაინტერესებულა სხვების აზრით. მან მიატოვა ქალაქური ცხოვრება, ოჯახთან ერთად სოფელ ჯიხაიში გადავიდა საცხოვრებლად და ფერმერობას მიჰყო ხელი.
აკაკი წერეთელს ჰყვარებია დიდ ჯიხაიში სტუმრობა. პოეტი აღტაცებული ყოფილა ნიკო ნიკოლაძის მიერ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი სხვადასხვა ცხოველებით. ნიკო ნიკოლაძე დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას, ეკონომიკური განვითარების გარეშე, ბედნიერი მომავლის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
“ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული. Მის მწარმოებლობაზე სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით და ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული”, – ამბობდა იგი.
1870 წლიდან, დიდმა მოღვაწემ, ფერმერობის პარალელურად, დაიწყო აქტიური მუნიციპალური და საზოგადოებრივი საქმიანობა. მის მიერ წამოწყებულმა იდეებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს მდგომარეობა.
დიმიტრი ყიფიანთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული თბილისის სათავადაზნაურო – საადგილმამულო ბანკის შექმნაში. Მის სახელთან არის დაკავშირებული ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარება, თვითმმართველობის შემოღება, საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის გახსნა, პრესის განვითარების ხელშეწყობა, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება, რკინიგზის გაყვანა (ფოთიდან თბილისამდე, შემდეგ კი ბაქოდან ბათუმამდე, თბილისის გავლით), წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება, თბილისში სადეზინფექციო კამერის აშენება და სანიტარული ექიმის დანიშვნა, ბოინის შექმნა, დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ფოთის და თბილისის ქუჩების განათება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ა. Შ.
ნაყოფიერი იყო მისი 20-წლიანი მოღვაწეობა ფოთის პორტის მშენებლობაში, რომელსაც უდიდესი დრო და ენერგია დაახარჯა.
“სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება, ისეთი, რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შემოსვლა და თავისუფლად დაცლა-დატვირთვა, მანამდე ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილი”, – წერდა ფოთის მთავარი სულისჩამდგმელი ჯერ კიდევ შორეულ 1871 წელს.
ნიკო ნიკოლაძე ისეთივე აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქვეყნის გარეთ, როგორც თავის სამშობლოში. არაერთ დამსახურებასთან ერთად, პარიზის ქუჩებიც მისი წყალობით განათდა.
საზოგადო მოღვაწის მთავარი მემკვიდრეობა, მის მიერ გაკეთებული საქმეები და მისი პუბლიცისრიკა, გაჯერებული იყო პოლიტიკური მწრამსითა და საქართველოს განვითარების ხედვით. ამასთან დაკავშირებით აკაკი ბაქრაძე წერდა:
“მისი ეროვნული პოლიტიკის არსი რომ მკაფიოდ დავინახოთ, უნდა განვიხილოთ ნიკო ნიკოლაძის სამი პრინციპი, რომელთაც იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა: ერთობა, თვითმოქმედება და თვითმმართველობა. ცნებაში “თვითმოქმედება” ნიკო ნიკოლაძე იმას არ გულისხმობდა, რასაც დღეს ჩვენ. თვითმოქმედება მისთვის ნიშნავდა თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას”.
განსაკუთრებით ჟურნალისტობა იზიდავდა, თუმცა ხვდებოდა, რომ თავის ქვეყანას მისი უნარების სხვა მხრივ გამოყენება უფრო სჭირდებოდა.
“ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანე”, – წერდა ნიკო ნიკოლაძე.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოში პირველი იყო, ვისაც მაცივარი, ყავის აპარატი, ფოტო აპარატი და სხვა არაერთუ ტექნიკა ჰქონდა. პირველი “სელფიც” “კოდაკის” საკუთარი კამერით მას გადაუღია.
ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით.
1928 წლის 5 აპრილს, ღვაწლმოსილი მოღვაწე და აღმშენებელი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამშობლოს წინაშე უამრავი დამსახურებების გამო, იგი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
“ნიკო ნიკოლაძე ის ადამიანია, რომელთანაც დამეგობრება და ერთად უღელში შებმა სასიხარულოა”.
ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვებით გამოეთხოვა მიტროპოლიტი კალისტრატე ნიკო ნიკოლაძეს.
ლიკა მაჩხანელი