ბოლო 3 თვეში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 68 და რუსეთის 24-მა მოქალაქემ ითხოვა
საქართველოდან გაძევებულია 55 პირი.
2023 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნის 291-მა მოქალაქემ ითხოვა. თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირებულებს შორის 68 უკრაინის მოქალაქე იყო, 49 ირანის, 29 თურქეთის, 24 რუსეთის, 11 ინდოეთის. გარდა ამისა, საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 10-მა პირმა, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, 2-მა მოქალაქეობის არმქონემ, 4-მა ორმაგის მოქალაქეობის მქონემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭებაზე უარი, 2023 წლის პირველ კვარტალში ჯამში 153 ადამიანს უთხრეს, მათ შორის: ირანის – 48, თურქეთის – 21, მიანმის -16, რუსეთის – 9, უკრაინის 2-მოქალაქეს.
ამავე პერიოდში საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2 პირს, აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა, მეორე დაუდგენელი მოქალაქეობის მქონემ.
ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა 47 პირს, აქედან 39 უკრაინის მოქალაქეა, 3 ყაზახეთის, 5 დაუდგენელი მოქალაქეობის.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გაძევებულია 55 პირი, მათ შორის, აზერბაიჯანის -13, ინდოეთის – 10, ირანის-8, ბანგლადეშის-7 მოქალაქე.
საქართველოში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში 38 მოქალაქეა მოთავსებული.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რეადმისიის [საქართველოში დაბრუნების] 1 196 განაცხად განიხილეს, ამათგან თანხმობა მიიღო 1 190 პირმა.