„112“-ის მობილური აპლიკაცია უკვე სმენადაქვეითებული პირებისთვისაც ხელმისაწვდომია
“112”-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა.
ღონისძიება “112”-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია “112”-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებებზე.
ჩანართში – „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორა მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი.
“112”-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.
გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან “112”-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც შესაძლებელია. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.
„112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ლელა დევდარიანი