როგორ გახდა სოფელი ორპირი სავაჭრო ცენტრი – ცნობები ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან
ბლოგერი მალხაზ კოხრეიძე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც რკინიგზის გაყვანისთვის, ისე მდინარე რიონზე ნაოსნობის განვითარებისთვის იღვწოდა კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრ ბარიატინსკი. მის სახელთანაა დაკავშირებული რედუტ კალედან ფოთში ქალაქის გადატანაც.
ალექსანდრ ბარიატინსკის ურჩიეს, რომ მიემართა ნაოსნობის და ვაჭრობის რუსული საზოგადოებისთვის. “საზოგადოებას” შეეძლო შავი ზღვიდან, კონკრეტულად რიონის შესართავიდან მარნამდე, ან გუბისწყალის შესართავამდე, სამდინარო მიმოსვლის ორგანიზება.
საქმის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სამტრედიის ზევით- რიონზე, შეუძლებელი იქნებოდა ნაოსნობა და ამიტომ გამორიცხეს გუბისწყალის შესართავთან, სოფელ იანეთთან ნავმისადგომის მოწყობა.
1858 წლის 6 მაისს ფოთიდან ორპირში (საჯავახო) სამდინარო ორთქლმავალი „აკერმანი“ ჩავიდა. ამგვარად, სოფელმა ორპირმა იანეთს და სამტრედიას აჯობა და მისი ტერიტორია იმერეთისთვის, გურიისთვის, სამეგრელოსთვის უმთავრესი სავაჭრო ადგილი გახდა. ორპირში გახსნეს დუქნები, მაღაზიები, სასტუმროები, ფოსტა-ტელეგრაფი. სახმელეთო გზით ორპირი-ქუთაისის მიმართულებით მოძრაობდნენ დილიჟნები, ფოთიდან ორპირამდე კვირაში ორჯერ დაცურავდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამდინარო გემები და ა.შ.
ორპირის მნიშვნელობა ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანამ დააკნინა. რკინიგზამ სამტრედია გახადა სავაჭრო ცენტრი, თუმცა, რამდენიმე დუქანი რიონის სანაპირო ზოლზე მაინც დაუტოვებიათ და 1880-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული აღწერით, იქ ჯერ კიდევ ჰქონდათ სავაჭროები და სახელოსნოები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოშალეს.
ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა:
ვხედავ ორპირში ორთქმავალ გემებს,
ახლოს გაგვიარს ეზო და სახლთა
და საბჭოების მზეს მიგვაგებებს.და მოტორების რკინის ლაფშები
მუხაყრუასაც გადააყრუებს.
მაშინ გახდება მართლა საჩინო
ეს იმერეთის კუთხე პატარა.
როცა ტიციან ტაბიძემ პოემა „რიონი-პორტი“ დაწერა, ორპირის მიმართულებით ნაოსნობა სამი წლის შეწყვეტილი იყო. თუმცა, პოეტს მაინც სჯეროდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება აღადგენდა რიონზე ნაოსნობას და კუთხესაც ეშველებოდა.
ორპირი ტიციან ტაბიძისთვის რაღაც იდუმალი ადგილია. არც ერთ პოეტს იმდენი არ დაუწერია ორპირზე, რამდენიც ტიციან ტაბიძეს. მართალია, ის თავს ორპირელად თვლიდა, მაგრამ მისი უშუალო დაბადების ადგილი სოფელი შუამთაა, რომელიც მდებარეობს მდინარე ყუმურის ნაპირზე. ადრე, ყუმურის და სულორის ხეობებს საჩინოდ მოიხსენიებდნენ. საერთოდ, შუამთა და ჭყვიში ტობანიერის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. ტობანიერი და ილორი, რომლის შემადგენლობაში ორპირი შედიოდა, სამტრედიის საბოქაულოს მიეკუთვნებოდა.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა იცვლებოდა, მაგრამ მდინარე რიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ადგილმდებარეობას არ იცვლიდა.
იტყვიან ასე; იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი;
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
ტიციან ტაბიძის „ლექსი მეწყერი“ ბორის პასტერნაკმა თარგმნა და ეს სტროფი ასე გამოუვიდა:
Да, скажет, был у нас такой несчастный малый,
С орпирских берегов- большой оригинал.
Он припасал стихи, как сухари и сало,
И их, как провиант, с собой в дорогу брал.
ტიციან ტაბიძე აღნიშნავდა: „დავიბადე 1895 წლის 2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში-ორპირის მახლობლად. ორპირი საჩინოს თემში შედიოდა.“
ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინო ტაბიძე არ აკონკრეტებდა პოეტის დაბადების ადგილს და მშობლიურ სოფლად ორპირს მოიხსენიებდა: “ტიციანს ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური სოფელი ორპირი.“
როგორც აღვნიშნე, ტიციან ტაბიძე თავის ლექსებში ხშირად ახსენებს ორპირს.
„ბათომი მისცეს და ორპირზე მოდის თათარი, ატმის ყვავილით სისხლიანი სტირის აპრილი.“
„ძველი ორპირი დანგრეული სანაოები. ეწყება მთვარეს ხაშმიანი ცხელების სრესა.“
„ორპირი ლპება-როგორც ლეში ლეწვიაფანის, რიონის ფშანებს აედევნენ გრძელი ყანჩები… ყველა პანთეონს, თუ მერგება, თვითონ დიდუბეს-მე ვარჩევ მაინც ჩემ ორპირის გამომპალ უბეს.“
„ჩემი ორპირი პატმოსია გაულხობელი, რიონის ფშანი-ნათლისღების დღეს იორდანე.“
„ეს არ არის მართლა ოქროპირი, ეს მხოლოდ ორპირის ბაყაყია…დიდებულად შვენის სამეფო პორფირი, დიდებულად იცის დოგმატების მალაყია.“
„მომაგონდება ორპირის ფშანი დედის ძუძუსთან ვწოვდი უჟმურებს… ვგრძნობდი, ორპირი რომ დაივსება, ვიცი, ორპირი ვერ გაიხარებს… ორპირის ხაშმით დანაგუბარი და მამაჩემის კუბოს ფიცარი.“
„დღეს თბილისში ვარ… მაგრამ ორპირი სტირის ჩემ სულში ვაშლის ხეებად.“
„ორპირი ცხელი მზიანი დღეა.“
„ვწევარ ორპირში…ბავშვი სიცხეში. და უმღერიან წითელ ბატონებს.“
“თქვენ გრძნობის მორევს რა ლექსი ასწევს, თუმცა ორპირის გული მაქვს ფართო.“
„ჩემი ბავშვობა ორპირის ფშანი, ვხედავ ისლებით დახურულ სახლებს.“ და ა.შ.
სხვათა შორის, ამ მხრივ საყურადღებოა გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსიც:
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი:
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით…
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა,
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.…
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.„გალაკტიონისთვის მახლობელი იყო სამტრედია. მას აქ არაერთი ლიტერატურული საღამო გაუმართავს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პოეტის ბავშვობის, ყრმობისა და სიჭაბუკის ხანა აღსავსეა ამ ქალაქთან დაკავშირებული შთაბეჭდილებებითა და მძაფრი განცდებით. ალბათ, ამ სიახლოვემ, ღრმა სიყვარულმა გაუჩინა უკვე სახელმოხვეჭილ პოეტს სურვილი სამტრედიას საგალაკტიონო დარქმეოდა”, – წერდა მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე.
ტაბიძეებისთვის და არამარტო მათთვის, ჯერ ორპირი, ხოლო შემდეგ სამტრედია იყო სამუშაო, სავაჭრო და სხვა ქალაქებთან საურთიერთო ადგილი. გალაკტიონი და ტიციანიც არაერთხელ ჩასულან სამტრედიაში სხვადასხვა საქმეზე თუ ახლობლების მოსანახულებლად. გაუხსენებიათ იქაურები. მე მაგალითად, ტიციან ტაბიძის ლექსის წაკითხვის შემდეგ გავიგე, თუ ვინ იყო კულაშელი „დანიელა ურია.“
იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ-დედას ლევანა
…
კითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს,
თუ ის შინაურია,
ვინ უფრო აღელვებს:
სტეფან მალარმე, თუ დანიელა ურია?
სხვა დანიელასაც აუღელვებია ტიციან ტაბიძე. ვაჭარი დანიელა, შვილთან- ისაკასთან ერთად შუკაშუკა დაიარებოდა და მუშტარს მოუხმობდა.
ვინ იცის, თავს მას რაოდენი გადახდენია-
თრევა, წანწალი და ჩარჩობა მისი ბედია.
ცრემლით ვთხოვ დედას, ამ საწყალ კაცს ნუ ევაჭრება,
თითქოს გულს ადებს თავის ადგილზე საპნის ნაჭრებად.
შემდეგ გავიგე ამ საწყალის ხმა განწირული,
როცა ბეილისს გაუმართეს გასამართლება.
განსაკუთრებით უყვარდა ტიციან ტაბიძეს სოფელი იანეთი, სადაც ის ხშირად ჩადიოდა.
„წინათ აქ ყოფილა სამეფო აგარაკი: როგორც ამ სოფლის მოხუცებულები მოგვითხრობენ, აქ ყოველ ზაფხულობით მოდიოდა იმერეთის მეფე სანადიროდ, აქვე მდებარეობდა შესანიშნავი იანეთის ტყე“, – იუწყებოდა ჟურნალი „კვალი“
1870-იან წლებში თავადმა დავით ერეკლეს ძე მაჩაბელმა ეკლესიის მოსაწყობად, სოფელს, თავისი ერთსართულიანი ხის სახლი და ხის მასალა აჩუქა. სახლმა დასრულებული ეკლესიის სახე 1880 წლებში მიიღო.
იანეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურებას მამა ზოსიმე შანიძე და მამა სპირიდონ კოხრეიძე ეწეოდნენ. მათი თაოსნობით იანეთში არაერთი საეკლესიო თუ საერო ღონისძიება ჩატარებულა.
„22 თებერვალს აქაურს ღვთისმშობლის ეკლესიაში მამა ზოსიმე შანიძემ და სპირიდონ კოხრეიძემ გადაიხადეს პანაშვიდი ჩვენი დიდებულის მეფის ერეკლე მეორის დაკრძალვის დღიდან ასის წლის შესრულებისა გამო, მეფის სულის მოსახსენიებლად, საზოგადოება მრავალი დაესწრო. მამა შანიძემ მოკლედ აუხსნა ხალხს დიდებულის მეფის შრომა და ღვაწლი. პანაშვიდის დროს ქართულად გალობდნენ“, – წერდა ივლიანე ხეთერელი.
სპირიდონ კოხრეიძე და ტიციან ტაბიძის მამა – იუსტინე ტაბიძე ქვისლები იყვნენ. ისე, როგორც სპირიდონ კოხრეიძე, იუსტინე ტაბიძეც მღვდელი იყო. ტიციანი წერდა:
ლოცულობს მამა მწუხრის ლოცვას,
მუნჯად ვუცქერი,
ფსალმუნი სულში შეფრინდება
და იმარხება.
ტიციან ტაბიძე იანეთში სწორედ თავისი დეიდის ოჯახში ჩადიოდა და დეიდაშვილებთან გრიგოლ და ეზეკია კოხრეიძეებთან ერთად ატარებდა დროს. სხვათა შორის, გრიგოლ კოხრეიძეც მღვდლად აკურთხეს და ისიც იანეთში ეწეოდა ღვთისმსახურებას.
თავის დროზე, ტიციან ტაბიძე, ბიძამ -სპირიდონ კოხრეიძემ იანეთში მონათლა. მედავითნე გიგო ტაბიძე და ნათლია- ერმილე სიმონის ძე ვაშაკიძე ყოფილა.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 80 წლისთავი ზეიმით აღინიშნეს ვანში და სამტრედიაში. გალაკტიონის სახლ მუზეუმის რეკონსტრუქციის ინიციატორი და დაბადების დღის თავდაპირველი ორგანიზატორი, ვანის რაიკომის პირველი მდივანი გივი ყიფიანი, იმის გამო, რომ სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს, ღონისძიებას ვერ უძღვებოდა, ხოლო სამტრედიის რაიკომის პირველი მდივანი ნოდარ კოხრეიძე მიიწვიეს ვანში.
გივი ყიფიანის და ნოდარ კოხრეიძის მოლაპარაკების თანახმად, ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 80 წლისთავი ერთად უნდა აღენიშნათ ვანს და სამტრედიას. ღონისძიება საჯავახოში უნდა დაწყებულიყო და მას ვანის და სამტრედიის საზოგადოება შეუერთდებოდა. მალე, ნოდარ კოხრეიძეც გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე და ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 80 წლისთავი სხვა ფორმატში ჩატარდა.