ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული პირველად გამოიცემა
“ადამიანი, რომელმაც ჭეშმარიტი მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითი უჩვენა თანამედროვეებს”.
ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული პირველად გამოიცემა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ჰუმანიტარული მეცნიერების და ზოგადად, ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში.
გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მზადდება.
საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე, კრებულში შევა, როგორც აქამდე გამოუქვეყნებელი თხზულებები და მეცნიერის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ასევე განხორციელდება გამოცემული წიგნების დიგიტალიზაცია და შემდგომ დედანთან შედარება.
ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის მოსამზადებლად შექმნილია სამუშაო ჯგუფი – ტექსტოლოგიური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებით. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი არიან ფილოლოგები, ისტორიკოსები, გეოგრაფები.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და თსუ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საცავებში დაცულია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და ეპისტოლური მემკვიდრეობის უნიკალური ფონდები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია. ამდენად, მათი გამოცემა მნიშვნელოვანია, რათა მეცნიერის ნაშრომები გახდეს ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიაც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებინა.
მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის გახლდათ 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.
ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობით თხზულებების კრებულის — “ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული ,,ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი.
მან შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი ,,ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:
1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);
2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);
3. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);
4. ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).
ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.
მასვე ეკუთვნის კაპიტალური შრომა ,,ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა.
ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია ,,საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).
ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.
ჯავახიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2-ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია – “საქართველოს ეკონომიური ისტორია“.
მან, ასევე, დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი ,,ქართული სამართლის ისტორია“.
ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითაც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.
მის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.
ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).
ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.
1940 წლის 18 ნოემბერს, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე, თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკად. ივანე ჯავახიშვილის ლექცია თემაზე: “ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები”.
დარბაზი ხალხით იყო სავსე. შეკრებილი საზოგადოება დიდი გულისყურით უსმენდა სახელოვან მამულიშვილს და მეცნიერს. ლექციის დაწყებიდან საათი და 15 წუთი იყო გასული.
ივანე ჯავახიშვილი ჟამთააღმწერლის თხზულებიდან ამონარიდს კითხულობდა. მოულოდნელად მას სიტყვა შუაზე გაუწყდა. ყველამ დაინახა, როგორ უცნაურად გადააქნია თავი მეცნიერმა და შემდეგ მაგიდას უხერხულად დაეყრდნო.
სცენაზე პირველი აკაკი შანიძე აიჭრა. 9 საათსა და 40 წუთზე ივანე ჯავახიშვილი სცენიდან გაიყვანეს. შეძრწუნებული ხალხი არ იშლებოდა, ისინი ექიმებისგან ცნობას ელოდნენ, მაგრამ ექიმებმა სიკვდილის წინაშე თავისი უძლურება აღიარეს.
ოთხი დღის განმავლობაში ეთხოვებოდა მშობელი ხალხი თავის საამაყო შვილს. 1940 წლის 21 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი დაკრძალეს მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილის გვერდით.
იაკობ ნიკოლაძე 1940 წელს წერდა:
“ივანე ჯავახიშვილის უკიდურესი თავმდაბლობა იყო მიზეზი იმისა, რომ ერთხელაც ვერ მოვახერხე მარმარილოში გამომეძერწა მისი წმინდანური სახე.
“მიუხედავად ჩემი ყველა ცდისა, მე ვერ შევძელი მისი სკულპტურული პორტრეტი გამომეძერწა. ჩემს ყველა თხოვნაზე ის ერთნაირად პასუხობდა:
“მე ძალიან დაკავებული ვარ, არაა საჭირო!”. მაგრამ იმავე დროს, როცა საჭირო იყო დახმარება, ივანე ჯავახიშვილი დაუზარელად აღმომიჩენდა, ყოველთვის გამოყოფდა დროს ამისთვის”.
იაკობ ნიკოლაძემ მხოლოდ 1946 წელს გამოძერწა ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი.
აკადემიკოსი როინ მეტრეველი თავის მონოგრაფიაში – “ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი” წერდა:
“XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაში გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც თავისი დიდი დაღი დაასვა ჟამთასვლას. ადამიანი, რომელმაც ჭეშმარიტი მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითი უჩვენა თანამედროვეებს, მაგალითი ღრმა მეცნიერული კვლევისა, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისა, მოძმეთა პატივისცემისა. მოქალაქე და მეცნიერი, რომლის დიდი მცდელობის შედეგია საქართველოში პირველი უმაღლესი განათლების კერის – უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს ისტორიის კვლევის, ქართული ისტორიოგრაფიის სრულიად ახალი ეტაპის დაწყება”.
1953 წელს ივანე ჯავახიშვილის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე თ. ღვინიაშვილის მიერ შესრულებული ქანდაკება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს ეწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელი. 1975 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან გაიხსნა ი. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის სასწავლო-მემორიალური კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მემორიალი მასალები და სამეცნიერო ლიტერატურა (1998 წელს, თსუ-ის დაარსებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, კაბინეტი საფუძვლიანად გაფართოვდა და ახალი ექსპონატებით შეივსო).
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაარსდა ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი, რომელსაც 1958 წელს გადაეცა მეცნიერის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები. კაბინეტში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 3,003 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის ლიტერატურით. კაბინეტში ინახება უნიკალური ქართული პირველნაბეჭდი წიგნიც – ე. წ. ბაქარის ბიბლია (1743). მემორიალურ კაბინეტში დაცულ ნივთებს მინიჭებული აქვთ სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.
დაწესებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია. ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა ქუჩებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.
1976 წელს საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა დიდი მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილე. დაადგინეს გამოცემულიყო ივ. ჯავახიშვილის თორმეტტომეული სათაურით ,,ქართველი ერის ისტორია“. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.
ლელა დევდარიანი