“არსებობს ლიბერალების და კონსერვატორების საქართველო, მაგრამ უმრავლესობა ტრადიციონალისტია“

ზაალ ანჯაფარიძე

ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს!
შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში!
2004-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს, – ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელიც 30 აპრილის, მასშტაბური აქციის ორგანიზატორებმა წაუყენეს ქვეყნის ხელისუფლებას და რასაც აქციის მონაწილეებმაც მხარი დაუჭირეს.

თბილისის რესპუბლიკის მოედანზე 30 აპრილს, ხალხმრავალი აქცია – „მოვდივართ, საქართველო უპირველეს ყოვლისა“, გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობა, არამედ ამ დღისთვის რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოსული ადამიანებიც. აქციის მონაწილეებმა შიდა თუ გარე ძალებს იმ “წითელი ხაზების” შესახებ ამცნეს, რომელსაც ქართველი ხალხი არ გადალახავს არაფრის ფასად. კერძოდ, ის, რომ ოჯახი არის მამაკაცის და ქალის კავშირი, არ დაუშვებენ ბავშვებისა და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამვლას და მათ იდეოლოგიურ დამუშავებას; მიუღებელია აბორტები, ლგბტ პროპაგანდა, ნარკოტიკები, ქალის ოჯახისგან მოწყვეტის სპეცპროექტები, ევთანაზია და სხვა.

აქციის ორგანიზატორთან მოთხოვნაა პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს და ამ გზით აიცილოს ქვეყანამ რევოლუციები და დესტაბილიზაცია.

30 აპრილის აქციის ფონზე უნდა ველოდოთ თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას, ამ და სხვა საკითხებზე მედია სააგენტო “24”-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

– როგორ შეაფასებთ 30 აპრილის აქციას?

– ეს იყო იმ ადამიანების თავყრილობა, რომლებიც დგანან ანტილიბერალურ პოზიციებზე. დგანან კონსერვატორულ-ორთოდოქსულ პლატფორმაზე. მათი ღირებულებები, მათი მსოფლმხედველობა არის კონსერვატორული, უფრო ეროვნულ ფაქტორზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორიც იყო მაგალითად, 7-9 მარტის აქციის მონაწილეთა ღირებულებათა სისტემა და მსოფლმხედველობა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ უკვე, რომ 30 აპრილის აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც ჩვენ ვიცოდით, რომ არის 2 საქართველო – ლიბერალების და კონსერვატორების. ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს საქართველოს, ეცოდინებათ, რომ უმრავლესობას მაინც შეადგენენ ტრადიციონალისტები. თუმცა ახალგაზრდა თაობა, რომელიც ახლა მოდის და შეადგენს ბოლო პერიოდში გამართული აქციების ბირთვს, ისინი ტრადიციონალისტურ და კონსერვატორულ პლატფორმაზე ნამდვილად არ დგანან თავიანთი ღირებულებებითა და მსოფლმხედველობით. შესაბამისად, 30 აპრილის აქციაზე გამოცხადებული მოთხოვნები და მიმართვები, იყო ყველაფერი იმის გამოხატულება, თუ რა აუდიტორია შეიკრიბა იქ. ჩემთვის იყო აბსოლუტურად ბუნებრივი ის მოთხოვნები, რაც იქ გაკეთდა. კერძოდ, მეტი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენულ პოლიტიკას და უფრო მეტი ორიენტაცია ეროვნულ ინტერესებზე. რამდენად პოვებს ეს გამოძახილს საზოგადოებაში, ამას ვნახავთ არჩევნებზე. ვიცი რა ჩვენი საზოგადოების განწყობა, რომელიც მარტო NDI-ის და IRI -ის გამოკითხვებით არ იზომება. ისინიც კი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ამ აქციაზე არ მივიდა, გამოთქმულ მოწოდებებს დიდი ალბათობით, იზიარებენ და მხარს უჭერენ.

– 30 აპრილის აქციის ფონზე უნდა ველოდოთ თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელიც 2024 წლის არჩევნებში იბრძოლებს?

– ჩვენს ტურბულენტურ და არაპროგნოზირებად გარემოში არაფერია გამორიცხული, თუმცა, თუ პოლიტტექნოლოგიური კუთხით მივუდგებით, თუ საუბარია ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაზე, რომელსაც ექნება იმის პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მაშინ მას ლიდერად უნდა მოევლინოს ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება არ ჰქონდეს მილიარდები, მაგრამ ჰქონდეს ქარიზმა და სოციალური და პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მას ამ პოლიტიკურ ოლიმპზე აიყვანს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ ფიგურას ვერც პოლიტიკურ ასპარეზზე და ვერც საზოგადოებრივ წრეებში ვერ ვხედავ.

– კონსერვატორებმა გააკრიტიკეს ეს აქცია იმის გამო, რომ აქციის ლიდერებმა თქვენს, – მათ მიზანია ქრისტიანულ დასავლეთთან ინტეგრაცია და არა ლიბერალებთან. ხომ არ გააჩენს ეს დაპირისპირებას საზოგადოების კონსერვატორულ ფრთაშიც?

– საქმე იმაშია, რომ ამ აქციაზე მისულ ადამიანებს და მის ორგანიზატორებს აშკარად არ სურდათ ღიად დაეფიქსირებინათ ისეთი პოზიცია, ისეთი გზავნილები, რომლებიც მათ ღიად ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ძალად წარმოაჩენდა. ამიტომაც იყო მათი გამოსვლები გაჯერებული ასეთი განცხადებებით, – ჩვენ გვინდა ევროპა, გვინდა დასავლეთი, მაგრამ არ გვინდა ვიყოთ მათი ვასალები. – ქართველ ხალხს იმიტომ არ უბრძოლია, რომ ბატონი გამოეცვალაო – ითქვა აქციაზე. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ მთავარი „მესიჯ-ბოქსიც“, – „ღირსებით ევროპაში“, ანუ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტრადიციას, კულტურას და გვინდა ევროპაში შევიდეთ ისეთები, როგორიც ვართ და არა ისე, როგორც კუბილიუსმა და მისთანებმა მოგვიწოდეს, – თუ გინდათ ევროპაში შემოსვლა ჩვენი წესებით ითამაშეთო.

– თქვენი აზრით, რას გულისხმობს თამაშის “ევროპული წესები”?

– თამაშის ევროპული წესები ნიშნავს, რამდენიმე მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას პერსპექტივაში. თქვენ ნახეთ როგორი ხმაური მოჰყვა 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. ლამის კბილებით გაიტანეს. ევროპული წესებით თამაში გულისხმობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც შეიძლება, ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილს არ მოეწონოს.

– ამ აქციაზე მისულებმა უთხრეს დასავლეთს, რომ ყველა „წესი“ არ არის მათთვის მისაღები. იყო ამ აქციაზე ქართული საზოგადოების ანგარიშგასაწევი ნაწილი?

– რა თქმა უნდა იყო. არ დავიწყებ ხალხის რაოდენობის თვლას, თუმცა იყო საკმარისი რაოდენობა, იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები გახდეს ყურადღების ღირსი. რამდენი ადამიანიც იყო იმ აქციაზე, ჩათვალეთ, რომ 2-3-ჯერ მეტი მათ ტელევიზორებიდან გულშემატკივრობდა. ვინც უყურებდა ამ ყველაფერს. ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპასთან კარები გავხსენით და ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს მენტალობაში, მაინც მთლიანობაში დარჩა ტრადიციონალისტური, კონსერვატორული, ორთოდოქსალური საზოგადოება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის მოსახლეობის 90 % მართლმადიდებელია, შესაბამისად, ამით ყველაფერი ნათქვამია. აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოების ის „მდუმარე უმრავლესობა“, რომელიც აქამდე ხმას იღებდა და მდუმარედ ადევნებდა თვალს მოვლენებს, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ახლა მათ გადაწყვიტეს თავის შეხსენება. ეს არის სწორედ, ჩვენი საზოგადოების პლურალიზმის მაჩვენებელი, ერთი მხრივ, რომ არის საზოგადოების ლიბერალური ფრთა და მეორე მხრივ კონსერვატორთა ფრთა. ზუსტად ისე, როგორც არის ეს ევროპაში. იქაც არიან კონსერვატორები და ლიბერალები, რომლებიც, ალბათ, ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე შეეჯახებიან ერთმანეთს.

– 30 აპრილის აქციას ზოგმა, “ტვინგამორეცხილთა” აქცია უწოდა. აღიქმება თუ არა ეს აქცია ანტიდასავლურად, მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელები აშკარად ფრთხილობდნენ თავიანთი განცხადებების შინაარსში?

– ლიბერალებმა და პროდასავლელებმა უკვე მონათლეს ეს აქცია ანტიდასავლურად. ძნელი წარმოსადგენი არ არის ამ აქციის შესახებ რა ინფორმაციას მიიტანდნენ ის წრეები, რომლებიც მუდმივ კავშირზე არიან დასავლეთთან და იქიდან ფინანსდებიან. ისინი ამას წარმოაჩენდნენ ანტიდასავლურ აქციად, მეორე მხრივ კარგია ის, რომ დასავლეთმა დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არ არის მთლად ისეთი, როგორიც წარმოუდგენია. მისთვის ქართული საზოგადოება იყო 7-9 მარტის საზოგადოება. მათ ახლა უკვე დაინახეს საზოგადოების ალტერნატიული ნაწილი.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი