“ძალიან მომწონს ქართლის დედის ქანდაკება” – მსოფლიო მედიის წარმომადგენლები საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მსოფლიოს წამყვანი მედიების 19 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს.

საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებმა, თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები გადაიღეს.

მედიის წარმომადგენლები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, არგენტინის, იაპონიისა ჩინეთის ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, სტატიებსა და ფოტოკოლაჟებს მოამზადებენ.

„საქართველოში პირველად არ ვარ, თქვენს ქვეყანაში, ალბათ, მეხუთედ ვიმყოფები. მოდის კვირეულზე მსურს, აღმოვაჩინო ახალი ტალანტები. ჩვენ უკვე დავათვალიერეთ დედაქალაქი, რომელიც გამორჩეულია კულტურით, არქიტექტურითა და კულინარიით. ძალიან მომწონს ქართლის დედის ქანდაკება, რომელიც მტერს ხმლით, სტუმარს კი, ღვინით ხვდება“, – აცხადებს მოდის ბლოგერი დაიანა პერნეტი.

Vogue-ის ჟურნალისტი რიკარდო ტერცო ამბობს, რომ საქართველოში მისი პირველი სტუმრობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მიაჩნია, რომ თბილისის მთავარი სანახაობა, სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმაა.

„საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში ბევრი სიახლეა. მეტი განთავსების ობიექტია, მეტი სასტუმროა. თბილისი ძალიან მიმზიდველია თავისი ისტორიით და ძალიან ცნობილი ღამის ცხოვრებით, მაგრამ თბილისის მთავარი სანახაობა, სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმაა”, – ამბობს Vogue-ის ჟურნალისტი რიკარდო ტერცო.

აღსანიშნავია, რომ ტურის ფარგლებში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები „მერსედესის მოდის კვირეულს“ დაესწრებიან, რომელიც თბილისში გაიმართება.

სალომე ხომასურიძე

P.S. ქართვლის დედის მონუმენტური ქანდაკება თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა. „ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვარეთათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.

20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი, რომელსაც 1966 წელს ამ ქანდაკებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. მან ქანდაკებას “დედაქალაქი” უწოდა, ხოლო მოგვიანებით ხალხმა უწოდა მას “ქართლის დედა”. ქანდაკების აქსესუარები თასი და ღვინო გამოხატულებაა ჩვენი ქალაქის, თბილისის ისტორიული ხვედრისა, ათასი ჯურის მტრებთან გაუთავებელი ბრძოლებისა და კეთილი გრძნობით მოსულ სტუმართან ურთიერთობისა.

ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავთან დაკავშირებით. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა.

ქანდაკების ძირში იშლება ხედი მთელ თბილისზე და მის შემოგარენზე. იგი მდებარეობს ნარიყალას ციხე-სიმაგრესთან, გადაჰყურებს ძველ თბილისს, ბოტანიკურ ბაღს და მთლიანად დედაქალაქს. ქანდაკებასთან მისვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე საბაგირო გზით, რომელიც მდებარეობს რიყის პარკში და უკავშირდება ნარიყალას.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი