მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 1000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 173 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ ამ ომში, 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.