დღეს 9 მაისია – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომი 78 წლის წინ დასრულდა. ეს ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.

ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ომის ვეტერანები ამჯერად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) შეიკრიბებიან. პარკში მივლენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მელიტონ ქანთარიას ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ.

ასევე, დღეს 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი „ევროპისათვის“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – ,,სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.

ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ირინე შენგელიას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის და ის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

“დღეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან აქტუალურ ფაზაშია და შესაბამისად, წელს ამ თარიღს ამ აქცენტით აღვნიშნავთ. ღონისძიება ყველასთვისაა, მაგრამ ძირითადი სამიზნე მაინც ახალგაზრდები არიან, რომლებისთვისაც ევროპული ღირებულებები ძალიან ახლობელი და გასაგებია.

კონცერტი გაიხსნება სუხიშვილების ტრადიციულად, ძალიან საინტერესო, 40-წუთიანი პროგრამით. გვექნება ასევე, ცნობილი ქართველების ჩართვები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან.

გარდა ამისა, იქნება ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი, ვოკალი ანა ჟორდანია. კონცერტს ახალგაზრდებისთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსები დაასრულებენ – გიორგი გიგაშვილი (გიგაშა), ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო. ასე რომ, გელით ყველას, სიცივე ნუ შეგაშინებთ, წვიმა მით უმეტეს, რადგან ამისთვის მზად ვართ. გელით, ერთად შევხვდეთ ევროპის დღეს!”, – აღნიშნა ირინე შენგელიამ.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი