“აი, ლირიკული ლექსების კრებული, რომლის ყდაც ადამიანის ტყავისგანაა გაკეთებული…”

ფაშიზმზე გამარჯვების 25-ე წლისთავი სამტრედიაში განსაკუთრებული იყო – მალხაზ კოხრეიძის ბლოგიდან

გერმანელი ფაშისტები კავკასიონს მოადგნენ, სამტრედიის რკინიგზის კვანძი და საწარმოები, სამხედრო მდგომარეობაზე გადაიყვანეს. ყაზარმაში განთავსებული 300 კაცი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობდა და ისინი რკინიგზის მოსაბრუნებელ წრეს, სადგურს, წყალსადენს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს იცავდნენ.

იმის გამო, რომ სამტრედიის რკინიგზას ვერ მიეწოდებოდა სათადარიგო ნაწილები, ნაწილები ადგილზე იჩარხებოდა. მაშინ, საინჟინრო-საოსტატო საქმეს წარმატებით ართმევდნენ თავს ახმედ ბეშოღლი, სოლომონ ციცქიშვილი, ხარიტონ ჯავახაძე, მიხეილ კოპალეიშვილი და სხვები. ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობდნენ მემანქანეები- დიმიტრი კოხრეიძე, ივანე ადამია, ნიკოლოზ ბოხუა, ვალერიან ავალიანი, ისაკ ხაჟალია, იოსებ ჯვარშეიშვილი და პირველი მემანქანე ქალი ანა კუბლაშვილი.

სამტრედიიდან ფრონტზე 6,775 კაცი გაიწვიეს. აქედან 3,456 მეომარი დაიღუპა. ორდენებით და მედლებით დააჯილდოვეს 4,127 ომის მონაწილე. მათ შორის თავი გამოიჩინეს პოდპოლკოვნიკებმა- ვ. კოხრეიძემ, დ.ყლარჯეიშვილმა, ტ.წულაიამ, გ.კობახიძემ, მ.ნამიჭეიშვილმა, ნ.ჭანტურიამ. მაიორებმა- ბ.თავდუმაძემ, დ.ლეკვეიშვილმა, ს.შარაშენიძემ, ი.ჩახუნაშვილმა. კაპიტნებმა- ა.თელიამ, მ.დუნდუამ და სხვებმა.

ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ ი.გვენეტაძე, ა.გოგია, შ. ხარებავა, ვ. გოგიშვილი, გ.ჩხაიძე, შ. ჩხაიძე, შ.გაგუა, ა.თევზაძე, გ.თავაძე, ს.თავაძე, ს. ჩაჩუა, შ.ხუჭუა, გ.ტალაბაძე, პ.ხაბეიშვილი, ა. ჩიქოვანი, დ.ჭელიძე, ვ.ჩხიკვაძე. მიხეილ,სერგო, ილია, უშანგი შანიძეები, დავით და ვანო ვაშაკიძეები და სხვები.

სამტრედიელები ყოველთვის აღნიშნავდნენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მაგრამ 1970 წელი განსაკუთრებული იყო. იმ წელს სოფლებში და ქალაქის საწარმოებში გაიხსნა „შინმოუსვლელთა სტენდები“. ჩატარდა ხსოვნის საღამოები და ომის ვეტერანებთან შეხვედრები. პირველი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები შეხვდნენ დაღუპული გმირის-ვახტანგ ჩიქოვანის დედას შუშანა რუხაძეს და შემდეგ განათლების მუშაკთა სახლში კონცერტიც გამართეს.

სამტრედიის საბავშვო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოსწავლეები და მათი მშობლები შეხვდნენ ომის ვეტერანებს- ს. შარაშენიძეს, თ. ხარაბაძეს, ვ.ნიკოლეიშვილს, შ.გიორგაძეს, ლ.შანიძეს, ს. ჩხეიძეს. ვეტერანებმა თავიანთ განვლილ საბრძოლო გზებზე ისაუბრეს. ბავშვებმა მათ წაუკითხეს ლექსები.

სარაიონო და საქალაქო ბიბლიოთეკებში ომის ვეტერანებთან შეხვედრა ქალთა რაიონული საბჭოს ინიციატივით მოეწყო და კულტურის სახლში გაგრძელდა. მოხსენებით „გამარჯვების 25-ე წელი“ გამოვიდა სამხედრო კომისარიატის მეოთხე ნაწილის უფროსი გ.კაკულია. შეკრებას უძღვებოდა კულტურის განყოფილების გამგე ჯულიეტა გოგავა.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 25-ე წელს მიტინგი მიეძღვნა. მიტინგი გახსნა სამტრედიის რაიკომის პირველმა მდივანმა ნოდარ კოხრეიძემ. მან საზოგადოებას აუწყა, რომ იხსნებოდა დუტუ ჩხეიძის მიერ შესრულებული ძეგლი „მწუხარე დედა“, რომელიც მოქანდაკემ სამამულო ომში დაღუპულების ხსოვნას მიუძღვნა. ძეგლს საბურველი, ლენტის გაჭრით, საბჭოთა კავშირის გმირმა არკადი გეგეშიძემ ჩამოხსნა. იქვე მან „მუდმივი კოცონიც“ აანთო. მიტინგის შემდეგ საზოგადოებამ კულტურის სახლში გადაინაცვლა.

მალე, სამტრედიას სევასტოპოლის დამცველები ესტუმრნენ. 388 დივიზიის ვეტერანებს ტრადიცია ჰქონდათ შეკრებილიყვნენ და ომის მძიმე წლები გაეხსენებინათ. პირველი ასეთი შეხვედრა სევასტოპოლში გაიმართა.

388 დივიზია ამიერკავკასიის ფრონტზე, ქალაქ ქუთაისში შეიქმნა. დივიზია 10,800 მებრძოლს აერთიანებდა და ისინი ომის დროს, ფოთიდან სევასტოპოლის დასაცავად გადაიყვანეს.

სამტრედიაში, 388 დივიზიის ვეტერანების და ადგილობრივი საზოგადოების მიტინგი, „მწუხარე დედის“ ძეგლთან, რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამირან მანჯგალაძემ გახსნა. ომის ვეტერანებმა ენუქი ქანთარიამ, სერგო შარაშენიძემ, იაკიმე გაიშევმა, ლევან გაბაშვილმა, შერიფ გორგილაძემ ყირიმის ბრძოლები გაიხსენეს. პოეტმა ალექსანდრე შანიძემ ლექსები წაიკითხა.

საბრძოლო ნათლობა ყირიმში მიიღო მიხეილ კვესელავამაც.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი მიხეილ კვესელავა ჯერ 46-ე არმიის შტაბის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს, ხოლო შემდეგ 51-ე არმიის შტაბში გადაიყვანეს. ვახტანგ კუპრავა იხსენებდა: „მალე კი ერთად მოგვიხდა ომის ქარცეცხლში შესვლა. ეს იყო ქერჩის ნახევარკუნძულზე, 1942 წლის იანვარ-მაისში. ერთად გადავიტანეთ ყველაფერი და ერთად გადავრჩით კატასტროფასაც, რითაც, სამწუხაროდ, დამთავრდა ქერჩის ოპერაცია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.

გადავრჩით ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას-იმ დროისთვის უკვე ჩემმა ფრონტელმა მეგობარმა მიშა კვესელავამ გადამარჩინა. იგი მხარში ამომიდგა ამ სიტყვის ყოველგვარი მნიშვნელობით. მაშინ 1942 წლის 7 მაისს, გერმანელებმა ჩვენი ფრონტი გაარღვიეს ჩვენგან სამხრეთით…“

მიხეილ კვესელავა ჩინებულად ფლობდა გერმანულ ენას და ის, მთავარი ფაშისტი დამნაშავეების გასამართლებასაც ესწრებოდა ნიურნბერგში. ნიურნბერგის პროცესი მან თავის წიგნში „ას ერგასის დღე“ დეტალურად აღწერა და არც პროცესის მიღმა განვითარებულ მოვლენები დატოვა უყურადღებოდ. ვფიქრობ, მკითხველის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება მისი ეს მოგონება:

„…მახსოვს, იმ დღეს პროცესზე რომ შემოიტანეს „ძვლის სამტვრევი მანქანა“, პატიმრების ქონისგან დამზადებული საპონი, ცოცხალი ადამიანის ტყავისგან გაკეთებული ნივთები: აბაჟურები, ხელჩანთები, საფულეები და სხვა. მდივანმა ქალმა ვერ აიტანა და იკივლა, მთარგმნელ გოგონას გული შეუღონდა… ბრალდებულთაგან ზოგმა თავი ჩაღუნა, ზოგმა შავი სათვალე აიფარა, პაპენმა და შახტმა ზურგი შეაქციეს დარბაზს… ამერიკელმა ბრალმდებელმა კი ხელში ლექსების წიგნი შეათამაშა და თქვა: -“აი, ლირიკული ლექსების კრებული, რომლის ყდაც ცოცხალი ადამიანის ტყავისაგანაა გაკეთებული…“

რობერტ სტურუამ მიხეილ კვესელავას გარდაცვალების შემდეგ, „ას ერგასის დღე“ რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა. იმ დროს რუსთაველის თეატრში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სპექტაკლი თბილისის პროფკავშირების კულტურის სახლის სცენაზე ვნახე. რობერტ სტურუას ნამუშევარმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

იმ დროს, მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედება აღმავლობას განიცდიდა და მისმა „ას ერგასის დღეში“ მონაწილეობამ, კიდევ უფრო გაამდიდრა მსახიობის შემოქმედებითი ბიოგრაფია. ახლაც ყურში ჩამესმის ჰიტლერის როლის შემსრულებლის-რამაზ ჩხიკვაძის სიტყვები:

„სტალინმა უზარმაზარი იმპერია შექმნა, იგი მსოფლიო ისტორიაში უდიდესი პიროვნებაა. ჩვენ ორნი ვწყვეტთ მსოფლიოს ბედს, ღირსეული მეტოქეები ვართ. ან ის მომერევა, ან მე მოვერევი, სხვა გზა არ არის!“

„გამარჯვების 25-ე წლის“ აღნიშვნის დღეებში შეხვდნენ ერთმანეთს ნოდარ კოხრეიძე და მიხეილ კვესელავა. მაშინ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ „ას ერგასის დღის“ პირველი ტომი უკვე გამოცემული ჰქონდა, ხოლო მეორე ტომი გამოსაცემად იყო გამზადებული. იმდენად დიდ ინტერესს იწვევდა მიხეილ კვესელავას ნაწარმოები, რომ საქართველოს ყველა კუთხეში უნდოდათ ავტორთან შეხვედრა. მწერალი სამტრედიის ხელმძღვანელმა სამტრედიაში მიიწვია და როგორც ვიცი, ადგილობრივ საზოგადოებასთან მისმა შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი