“გული მიკვდებოდა, როცა ქართველთა სასაფლაო საბჭოთა სიმბოლიკით იყო გაფორმებული”

კუნძულ ტექსელზე ქართველი ჯარისკაცების მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა

ჰოლანდიაში დაღუპული აჯანყებული მეომრების გარდაცვალებიდან, 78 წლის თავზე, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე ქართველი ჯარისკაცების მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების 10- მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პროექტი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის , თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებითა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით , კუნძულ ტექსელის მერიასთან და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მემორიალის დიზაინის ავტორი კი ბელგიის სამეფოში მოღვაწე მოქანდაკე და რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე გახლავთ.

ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური მონუმენტის დადგმა თიკა სვანიძე-ვენკოს მიერ სრულად დაფინანსდა.

ღონისძიების ფარგლებში, კაპიტან შალვა ლოლაძის სახელობის ძმათა სასაფლაოზე, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გაიმართა, რომელიც ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა გადაიხადა. ქართველთა აჯანყების დროს გარდაცვლილი ქართველ-ებრაელთა სულის მოსახსენებელი ლოცვები კი ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა წაიკითხა.

1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელებია ამოტვიფრული. აღსანიშნავია, რომ ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა შორის, იდენტიფიცირებულია ათამდე ჯარისკაცი, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლა კუნძულ ტექსელზე შედგა. მაშინ, როდესაც ბრიტანეთისა თუ საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ზეიმობდნენ, კუნძულ ტექსელზე ქართველი აჯანყებულები ჰიტლერის მეომრების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. მტერი მათ რაოდენობრივადაც და შეიარაღებითაც საგრძნობლად აღემატებოდა, მაგრამ უკან არავის დაუხევია. ორმა მოძმე ერმა, ქართველმა და ნიდერლანდელებმა, საბოლოოდ, ერთად შექმნეს გამარჯვების სევდიანი ისტორია. როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, 800 -ზე მეტი აჯანყებულიდან მხოლოდ 270 გადარჩა, დანარჩენები კი, ფაშისტების ხელით, გმირულად დაიღუპნენ.

“როგორც იქნა, დაფასდა ჩვენი რამდენიმეწლიანი შრომა და 2023 წლის 4 მაისი იქცა ისტორიულ დღედ ქართული ემიგრაციისთვის. ამით ჩემი მრავალწლიანი ოცნება ახდა. ახლა, როდესაც იქ, ქართველ გმირების სასაფლაოზე ჩავალთ, საქართველოს ულამაზესი დროშით შემკული მემორიალი დაგვხვდება.

დაფაზე ყველა დაღუპული ჯარისკაცის სახელი ამოვტვიფრეთ, მათი ვინაობის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ადამიანებს, ვინც ამ საშვილიშვილო პროექტში მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით გამოვარჩევ ისტორიკოს სულხან ამირანაშვილისა და მოქანდაკე დავით (დევი) ხმალაძის ღვაწლს“, – განაცხადა თიკა სვანიძე-ვენკომ.

სულხან ამირანაშვილი ნიდერლანდების სამეფოში უკვე 30 წელია ცხოვრობს. წლების განმავლობაში, არაერთი საინტერესო ისტორიული ფაქტები გამოიკვლია. მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში მყოფი ქართველი-საბჭოთა მეომრები, რომლებიც გერმანიის ჯარებმა ჯერ დაატყვევეს, შემდეგ კი მათ რიგებში, 19 თვის განმავლობაში, ჰოლანდიის სამეფოს ტერიტორიაზე ლეგიონერად ამსახურეს.

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართველ მეომრებთან ერთად აჯანყებაში საქართველოში მცხოვრები ქართველი ებრაელები, სომხები და ოსებიც მონაწილეობდნენ. ათწლეულები დამჭირდა, რომ გარდაცვლილი მეომრების გვარ-სახელები და მათი ზუსტი რაოდენობა დამედგინა. ამისთვის მომიწია, როგორც ჰოლანდიურ, ასევე საქართველოში არსებულ არქივებში ავთენტიკური მასალების მოძიება. ამასთანავე, შეხვედრები მქონდა ჯერ კიდევ აჯანყების მონაწილე გადარჩენილ მეომრებთან. მათ სახლში ვსტუმრობდი და ჩემთვის საჭირო საკითხებზე ვესაუბრებოდი. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულად დავადგინე ტექსელის აჯანყებაში დაღუპული მეომრების სია“, – განაცხადა სულხან ამირანაშვილმა.

მოქანდაკე და რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე კი ბელგიის სამეფოში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. რამდენიმე წლის წინ მულტიდისციპლინური სახელოვნებო სივრცე – Atelierdevka დააფუძნა, რომელიც ბელგიის სამეფოში ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. დავით (დევი) ხმალაძე, ბელგიის სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარესტავრაციო კომპანია ,,მონუმენტში“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რესტავრაციის განხრით მუშაობს. როგორც უკვე მოგახსენეთ, დევი ხმალაძე ტექსელის ძეგლის დიზაინის ავტორია, რომელიც რამდენიმე წარდგენილი პროექტიდან, ნიდერლანდების მხარემ ერთხმად შეარჩია და დაამტკიცა.

მონუმენტის პროექტზე აქტიურად ფიქრი თიკა სვანიძე- ვენკომ 2016 წლიდან დაიწყო, იდეის განხორციელებას კი, თავის გუნდთან ერთად, 2020 წლის სექტემბერში შეუდგა. მათ თავიანთი გეგმები კუნძულ ტექსელის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელს შალვა ლოლაძის ძმათა სასაფლაოზე ყოფნის დროს გააცნეს. პროექტის იდეამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ დღიდან თიკა სვანიძე- ვენკომ მასზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და მიზანსაც მიაღწია.

გადავწყვიტე, ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დამედგა მემორიალური დაფა, რომელიც უკვდავყოფდა ქართველი მებრძოლების ხსოვნას. ეს ინიციატივა კუნძულის ადგილობრივ თვითმმართველობასაც გავაცანი და მის განსახორციელებლად ფინანსური რესურსიც თავად გავიღე. გული მიკვდებოდა, რომ სასაფლაო საბჭოთა სიმბოლიკით – ნამგლითა და უროთი იყო გაფორმებული. არ მინდა საქართველო, ჩემი პატარა, უძველესი და თვითმყოფადი ქრისტიანული ქვეყანა ასოცირდებოდეს იმ საბჭოთა წარსულთან, რომელიც ძალით მოგვახვიეს თავს. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ქვეყნის ისტორია საბჭოთა სიყალბისა და სიცრუისგან გავათავისუფლო. საქართველო – ეს თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების დაუსრულებელი ისტორიაა. ისტორია თავდადების, გმირობისა და თავგანწირვისა. ალბათ, სწორედ ასე ფიქრობდნენ ისინიც, ტექსელის გმირები“, – აღნიშნა თიკა სვანიძე-ვენკომ.

თიკა სვანიძე-ვენკო ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. ნიდერლანდების სამეფოში უკვე 20 წელზე მეტია აქტიურ ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეწევა. 2014 წელს, ქართული კულტურის ცენტრი დააფუძნა და, ამ მცირე პერიოდში, თავდაუზოგავი შრომის ფასად, არაერთი სასიკეთო საქმის განხორციელება შეძლო. თიკა სვანიძე- ვენკოსა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოსის ძალისხმევით, ამავე წელს, ამსტერდამში პირველი ქართული ჯვართამაღლების ეკლესია დაარსდა.

სამშობლო არასდროს ავიწყდება. პირიქით, ყველაფერს აკეთებს უცხო ქვეყანაში, ყოველივე ქართულის პოპულარიზაციისთვის. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოს უსაზღვრო სიყვარულია. თიკა სვანიძე-ვენკო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებით. არასდროს ჩერდება, მუდამ სიახლის ძიებაშია და ამ ყველაფერს სრული პასუხისმგებლობით უდგება. პროექტსაც ასე მიუდგა. წლები დასჭირდა მის განხორციელებას, თუმცა საბოლოოდ, პროექტი შედგა. დღეიდან, კუნძულ ტექსელზე, იქ, სადაც ქართველი აჯანყებული მეომრები განისვენებენ, ქართული დროშა სამარადჟამოდ იფრიალებს, მათი სახელები კი მემორიალური დაფიდან არასდროს წაიშლება.

ლიკა მაჩხანელი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი