მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე უკვე გასცა.

როგორც სააგენტო განმარტავს, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში და კომპანიაზე ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გაიცა.

ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.

ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია და 23 373 რუბლი ანუ 748 ლარი და 63 933 რუბლი ანუ 2 046 ლარი ღირს. შედარებით იაფი ბილეთი მოიცავს 5 კგ ბარგს, ხოლო ძვირი – 10 კილოგრამს, ამასთან ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ძვირად ღირებული ბილეთის მფლობელებს ლოდინიც არ მოუწევთ.

რაც შეეხება თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით რეისს, Azimuth Airlines-ს ბილეთის ფასი შედარებით იაფია. კერძოდ, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა ასევე 19 მაისს 21 052 რუბლი ანუ 674 ლარი და 56 542 რუბლი ანუ 1 809 ლარი ღირს. ამ შემთხვევაშიც ბილეთებს შორის განსხვავებაა ბარგსა და ბილეთის დაბრუნების პროცესს შორის.

მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში შევლენ ვიზის გარეშე, ვინაობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე (პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შევლენ შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90-დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის. მათ შორის, განათლების მიღების მიზნით.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა თავისივე 2019 წლის 21 ივნისით დათარიღებული ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებს უკრძალავდა და 15 მაისიდან ასევე, მოიხსნება აკრძალვა ფრენებზე საქართველოში.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წელს, ე.წ გავრილოვის ღამის გამო შეწყდა. მაშინ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება თბილისში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ ცალმხრივად მიიღო.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი