მისი ბოლო სიტყვა სამშობლო იყო – დღეს მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა

მუხრან მაჭავარიანი

“თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,
სიყვარულივით ვიდექ მდუმარი,
მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,
მე არ ვიქნები შენი სტუმარი!“

– ასე მიმართა საქართველოს დედაქალაქს ნახევარი საუკუნის წინათ ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, რომელიც, უკვე კარგა ხანია, ღირსეული პოეტი გახდა, არა მარტო თბილისისა, არამედ სრულიად საქართველოსი”.

ამ წინასიტყვაობას შემდეგ ვაჟას სიტყვები: ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ“ მოაყოლა და სიტყვა შეწყდა. ეს დიდი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა, რომელიც 2010 წლის 17 მაისს , რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, პოეტ ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე წარმოთქვა. ვერ დაასრულა სათქმელი. ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც მივიდა საიუბილეო საღამოზე. განსაკუთრებულად მოეფერა აჭარელ პოეტს, განსაკუთრებული სიტყვაც ჰქონდა მომზადებული, მაგრამ არ დასცალდა, მალევე შეუძლოდ გახდა , სცენაზე წაიქცა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად , მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვერც იმ ადამიანებმა ვუშველეთ, ვინც საიუბილეო საღამოს ვესწრებოდით. გაოგნებული ვუყურებდით ამ ბუმბერაზ პოეტს და ვერაფრით ვეხმარებოდით. სამშობლოზე შეყვარებული პოეტისთვის, ბოლო სიტყვაც სამშობლო იყო. ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან, ერმაც ღირსეულად გააცილა.

ამაღელვებელი იყო უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

“თქვენი პოეზია თქვენი გულიდან კი არა, ერის გულიდან ამოსულია და ამისთვის მადლობას გიხდით“, – განაცხადა ილია მეორემ.

ამ სევდიან ისტორიას, შემდეგ მისი მეუღლე, ლამარა ბოკერია ასე იხსენებდა:

“შენ ზანტად წამოდექი, დინჯად აიარე სცენისკენ ამავალი კიბე და ფრიდონს გადაეხვიე-მიულოცე იუბილე: – “არც მე ვარ პატარა, 81-ა ვარო!“- უთხარი. ავანსცენაზე იდექი…შენებურად, ომახიანად დაიწყე… მისასალმებელი სიტყვა: ვაჟას სიტყვები ,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლეო“… თქვი და უეცრად შეჩერდი, მაღლა აიხედე… წამიც და მოცელილივით გადავარდი უკან… თითქოს განგმირული მეომარი დაეცაო ბრძოლის ველზე… დარბაზმა ამოიგმინა, ყველა ფეხზე წამოდგა, მთელი საქართველოს თვალწინ გაგიჩერდა გული, სასწაულებრივად გაჩერდა შენი მაჯის საათიც“…

“ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!-
სად არის იგი!-
ის ღმერთმა იცის!-
იმ ერთის ხილვის,-
იმ ერთის პოვნის,-
ათასში ერთი გამხდარა ღირსი“

განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ… გამორჩეული და განსხვავებული… ისეთი, ან იმაზე დიდი, როგორი გამორჩეულიც მისი სამშობლოსადმი სიყვარული იყო. ერთმანეთი იპოვეს, იცხოვრეს- ერთმანეთზე ზრუნვით, პატივისცემითა და სიყვარულით. უკანასკნელი წუთებიც ერთად გაატარეს, რუსთაველის თეატრში.

“ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა,-
მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა.“ – წერდა მეუღლეზე შეყვარებული პოეტი.

25 წლის იყო, როდესაც ლამარა ბოკერიაზე იქორწინა და მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე ატარა. მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების შემდეგ, პოეტზე დამწუხრებული ლამარა ბოკერია წერდა:

“რაც დრო გადის, უფრო მძაფრად იგრძნობა შენი არყოფნა… უშენოდ არაფერს ლაზათი აღარ აქვს, თითქოს დაცარიელდა ჩვენი სახლი… და, ჩემთვის მთელი სამყარო… შავ ფხვიერ მიწაზე ახლად ამოსულ ბალახებს აწვიმს… მე ახლა უფრო მიყვარს ,,ბალახი და წვიმა“ და უფრო ძლიერ-შენ“…

მუხრან მაჭავარიანი საჩხერის რაიონში, სოფელ არგვეთში, 1929 წლის 12 აპრილს დაიბადა. დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. 50-იან წლებში გამოჩნდა და ხალხის სიყვარული მალევე დაიმსახურა. პირველი ლექსები 1952 წელს, უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ ,,პირველ სხივში“ , პირველი წიგნი კი 1955 წელს გამოაქვეყნა. როგორც თავად გვიამბობდა, პოეტად მკითხველთან შეხვედრამდე ჩამოყალიბდა. მის ლიტერატურულ დებიუტს, წინ ათწლიანი, ან უფრო მეტი წერის პრაქტიკა უძღოდა.

“ჩემი დაღვინების პროცესი რომ მკითხველის თვალწინ წარმართულიყო, ადვილი შესაძლებელია, მეც, როგორც მრავალი სხვა, დამოუკიდებელი პოეტური ხმით ვერ დავიქადებდი; ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ შემოქმედზე მკითხველის გემოვნება ზოგჯერ არასასურველ გავლენას ახდენს“, – ამბობდა პოეტი.

მისთვის ნამდვილი პოეზია თავისუფლება იყო და თავადაც თავისუფლებისკენ მიისწრაფოდა. სამშობლოს სიყვარული, ისტორია, ნოსტალგია, ფილოსოფიური და ეროვნული ლირიკა, მშობლიური პეიზაჟები – წერდა ყველაფერზე, რასაც გრძნობდა და განიცდიდა.

“ჩემთვის ყოველ სიტყვას აქვს საკუთარი რიტმი. ჩემთვის სიტყვა არის შედარება და მხატვრული სახე“.

დიახ, სიტყვის პოვნა და რითმის შეგრძნება მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. სჯეროდა, რომ ამ მეთოდით შექმნილი ნაწარმოები მკითხველზე ძალზე უბრალო შთაბეჭდილებას ტოვებდა, სამაგიეროდ კი, საოცრად გამოხატავდა იმას, რისთვისაც ესა თუ ის ლექსი იყო დაწერილი.

ყოველთვის ისმოდა პოეტის მართალი სიტყვა, ყოველთვის იდგა ქართული სიტყვის სადარაჯოზე. 1978 წელს, როდესაც ქართულ ენას საფრთხე შეექმნა, მან, ქართული ენის დასაცავად, უკვდავი სტრიქონები დაწერა:

“ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა, –
იმოდენაა!“

მუხრან მაჭავარიანს გამორჩეულად უყვარდა თავის არგვეთი. იმდენად, რომ ბოლო წლებში, სოფელსაც კი დაუბრუნდა. მოსწონდა განმარტოება და სიჩუმეში ლექსების წერა.

“გზა თბილისიდან არგვეთამდე და არგვეთიდან თბილისამდე ჩემს გულში გადის. ისე, ეტყობა, გული სოფლისკენ უფრო მიმიწევდა, ვინაიდან, როგორც იცით, ჩემს შემოქმედებაში ქალაქზე მეტად სოფელია ასახული“.

“ერწყმის მდუმარებას ბინდი ზებუნებრივს.
და დუმს ბროწეული.
და დუმს ალუბალი.
სხედან აივანზე მოხუცებულები,-
სინანულისანი
მესმის
გალობანი“, – წერდა სოფელში ყოფნის დროს დიდი პოეტი.

დღეს მისი სახლი მუხრან მაჭავარიანის სახელობის სახლ-მუზეუმის სახელს ატარებს. მუზეუმი მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 2015 წლის 17 მაისს გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში, არაერთ მნიშვნელოვან ნივთთან ერთად, მისი ხელით შექმნილი ხისგან დამზადებული ნამუშევრებია გამოფენილი.

“შენ- სისხლო ჩემო- სად არ დაღვრილო…
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს,-
ნადიდგორალი, ნაშამქორალი“.

მუხრან მაჭავარიანს ყველაზე მეტად სტკიოდა ერის ტკივილი. წერდა გულით, სიყვარულით და თავისი სათქმელი მკითხველამდეც სწორედ ამ სიყვარულით მიჰქონდა. წერდა შემართებითა და მთელი მონდომებით, რადგან სურდა, თავის შემოქმედება დავიწყებას ნაადრევად არ მისცემოდა. აკი, ამბობდა კიდევაც:

“წელიწადში ერთი ასეთი ლექსის დაწერა, რომელიც, თუნდაც, მეორე წლამდე იცოცხლებს – ხუმრობა საქმე როდია! – მით უფრო დღეს, როცა, არც ისე იშვიათად, დილით გამოქვეყნებული ლექსი შებინდებამდე დავიწყებას ეძლევა“.

ერთი არა, ბევრ წელს გაუძლო პოეტის ლექსებმა. უფრო მეტსაც გაუძლებს. წლები გავა, მაგრამ მუხრან მაჭავარიანის სახელი და მისი შემოქმედება დავიწყებას არასდროს მიეცემა.

ლიკა მაჩხანელი