მან შეძლო არქიტექტურა მარტივი, ეკონომიური და კომფორტული ყოფილიყო – ლადო ალექსი-მესხიშვილი

ქართული არქიტექტურული ძეგლების ავტორის, ლადო ალექსი- მესხიშვილის გამოფენას ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს.

გამოფენას – „ლადო ალექსი-მესხიშვილი-არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“, თბილისის შემდეგ, ქუთაისი მასპინძლობს. ჩანახატები, ნახაზების კოლექცია, ესკიზები, მაკეტები, ფოტოები, ფილმებიდან სხვა საარქივო მასალა- ამ ყველაფრის დათვალიერება, ნებისმიერ მსურველს, ქუთაისში მდებარე “თი ბი სი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში შეუძლია. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრები ორი ეპოქის მიჯნაზე გარდაქმნილ ფორმებსა და ესთეტიკას წარმოაჩენს.

დამთვალიერებელს, ასევე, შესაძლებლობა აქვს ლანა ღოღობერიძის ფილმი ,,წერილი შვილებს“ იხილოს, რომელიც ავტორმა მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. რეჟისორის თქმით, ფილმის ნახვის შემდეგ, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გავიცნობთ.

“ფილმი ლადოს გარდაცვალების შემდეგ მალევე გადავიღე და ფაქტობრივად ძალიან უშუალო და იმწუთიერ რეაქციებს გამოხატავს . ახლა რომ ვიღებდე, ალბათ, სხვანაირად გადავიღებდი, მაგრამ საინტერესოა, როგორც დოკუმენტი. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ინტიმური მასალაა, რადგან იქ ჩანს კადრები- როგორ დგას თხილამურებზე, როგორი იყო მისი დამოკიდებულება, რას წერდა წერილებში და როგორი ურთიერთობა ჰქონდა უმცროს შვილთან“, – ამბობს ლადო ალექსი- მესხიშვილის მეუღლე, რეჟისორი და მთარგმნელი ლანა ღოღობერიძე.

როგორც კურატორები ამბობენ, გამოფენის მთავარი მიზანია ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედება სრულყოფილად წარმოჩინდეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მისი ყველა პროექტის ბოლომდე დადგენა და სხვადასხვა არქივში მოძიება ვერ ხერხდება.

“ძიების პროცესში ისეთი მასალები აღმოვაჩინეთ, რაც არავინ არ იცოდა. მისი ოჯახის წევრებმაც კი. ლადო ალექსი -მესხიშვილი გამორჩეული იყო თავისი მუშაობის სტილითა და მეთოდით. არ იყო კონფორმისტი და ყოველთვის ცდილობდა სისტემისგან დისტანცირებას, რაც აისახა კიდევაც მის შემოქმედებაზე. ეს გამოფენა ძალიან დაგვეხმარება საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის გადააზრებაში“, – აღნიშნა გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა დიმიტრი ერისთავმა.

ექსპოზიციაზე გამოფენილია, როგორც მისი განხორციელებული, ასევე დაუსრულებელი პროექტები.
გამოფენის მოწყობის ინიციატივა ლადო ალექსი- მესხიშვილის ოჯახს ეკუთვნის.

“ამ გამოფენას ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ის სცდება პირადს. ლადოს ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც დღეს ძალიან იშვიათი და საჭიროა საქართველოში. ის ყველაფერს აკეთებდა აბსოლუტური თავგანწირვით და თავდადებით. თუ ხატავდა ესკიზებს, ხატავდა 2000 ცალს; თუ ცურავდა, ცურავდა ძალიან შორს; თუ კითხულობდა, კითხულობდა თავაუღებლივ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაუზოგავად ცხოვრობდა. ვიტყოდი, რომ იყო რენესანსული ადამიანი. ასე რომ, ეს გამოფენა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და ძალიან საინტერესო იქნება ახალგაზრდა თაობისთვის“, – აღნიშნა ლანა ღოღობერიძემ.

“სრულიად გამორჩეული ტიპურ საბჭოთა არქიტექტურაში“, – ასე აფასებენ დღეს ლადო ალექსი- მესხიშვილის შემოქმედებას გამოფენის კურატორები. მისი კვალი თბილისის ფიზიკურ გარემოში, ქალაქის იერსახის მრავალგვარი და ხშირად აგრესიული ცვლილებების მიუხედავად, მაინც მკაფიოდ ჩანს.

სპორტის სასახლე, ჭადრაკის სასახლე, ცენტრალური ფოსტა, ვაკის პარკის კასკადი, ალპური კლუბი და ასე შემდეგ -ეს არქიტექტურული ძეგლები დროის მოთხოვნებს, გავლენას, მაგრამ იმავდროულად, ავტორის გამორჩეულ ხედვასაც ასხივებს. გამოფენაზე ამ და სხვა შენობების მაკეტებისა და სხვა საარქივო მასალის ერთ სივრცეში ხილვა კი დროში მოგზაურობისა და წარსულის არქიტექტურაში კითხვის ეფექტს ქმნის.

კურატორების თქმით, იმ პერიოდში, როდესაც უპირატესობა ენიჭებოდა ტიპური პროექტების დანერგვას, ქართველი არქიტექტორის ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა. ასე რომ, ექსპოზიცია საინტერესოა ამ პერსპექტივიდანაც-როგორ მიმდინარეობდა პიროვნული შემოქმედებითი ტრანსფორმაცია სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარდაქმნის პარალელურად.

,,ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებამ არაერთი სტილისტიკური ქარტეხილი გაიარა. სტალინის პერიოდის არქიტექტურული ნიმუშიდან. სანატორიუმ ,,იმერეთიდან“ დაწყებული, კიროვის პარკში ფართო ეკრანიანი საზაფხულო კინოთეატრის პროექტით დასრულებული, რაც უფრო მეტი იყო ვერტიკალური ჩარევა, ხელისუფლების მხრიდან, მით უფრო ფართოდ იხსნებოდა მისი შემოქმედებით ასპარეზი“, – ამბობს გამოფენის ერთ-ერთი კურატორი ლადო შონია.

ლადო ალექსი- მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი მიეკუთვნება იმ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო.

მოთხოვნები არქიტექტურის მიმართ 1930- იანი წლებიდან 1955 წლამდე და შემდეგ სხვადასხვა იყო. პირველ პერიოდში, ახლად აგებულ საბჭოთა შენობებს დეკორატიულობა და ეროვნული ნიშნებით მორთვა ახასიათებდა. 1955 წლის შემდეგ კი არქიტექტურისგან პირდაპირ მოითხოვეს “ზედმეტების აღმოფხვრა“, სიმარტივე და მკაცრი ფორმები. ამ ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიური დაკვეთის მიუხედავად, ლადო ალექსი- მესხიშვილის ნამუშევრები მაინც ერთდროულად სადა და დახვეწილია. მან შეძლო და დროის მოთხოვნებთან შესაბამისობაშიც კი შექმნა ისეთი პროექტები, რომლებშიც ავტორის გამორჩეული ხედვა და გემოვნება ორ რადიკალურად განსხვავებულ პერიოდს გამაერთიანებელ უწყვეტ ხაზად გასდევს. მან ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს. არქიტექტორი ქმნიდა ესკიზებს, სხვადასხვა ფუნქციის მქონე დაწესებულებებისთვის, მარტყოფში, ტყვარჩელში, ტყიბულსა და წყალტუბოში, მაგრამ, ყველგან ცდილობდა, შენობა ყოფილიყო ფუნქციურად მოხერხებული და გამართული, აუცილებლად ითვალისწინებდა მოცემულ ლანდშაფტს და ზედმეტად არ იჭრებოდა მასში. ახალი არქიტექტურული ფორმების ძიება, ამ ფორმათა სიმკაცრე და ,,დაუსრულებლობა“, განსხვავებულ ხელოვნებათა სინთეზი არქიტექტურაში- ეს ყველაფერი ნამდვილად გამოარჩევდა არქიტექტორის შემოქმედებას.

გამოფენას ,,ლადო ალექსი-მესხიშვილი- არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ქუთაისში მდებარე “თი ბი სი ბანკის” ცენტრალური ფილიალის საგამოფენო სივრცე 30 მაისამდე უმასპინძლებს.

ლიკა მაჩხანელი