საქართველოს ეროვნული პავილიონი არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე
ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო ბიენალეზე, საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგა. საქართველოს ეროვნულმა პავილიონმა დუშეთის რაიონში ხელოვნურად გარდაქმნილი დასახლების შესახებ კვლევაზე დაფუძნებული გამოფენა “იანვარი, თებერვალი,მარტი“ წარმოადგინა. პროექტი სიმბოლურად წყალსაცავებზე, მათ შექმნასა და იმ გავლენებზე ფოკუსირდება, რომლებსაც ისინი ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე სწრაფი პოლიტიკური ტრანსფორმაციებისა და კლიმატის ცვლილებების პირობებში ახდენენ. ინსტალაცია მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით ხელოვნურად, სახეშეცვლილ დასახლებაზე მოგვითხრობს. პროექტი იკვლევს დროისა და ენერგიის დინების შორის არსებულ ურთიერთობას.
არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენას საფუძველი 1975 წელს ჩაეყარა და ის 2 წელიწადში ერთხელ, ვენეციაში, მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს.
აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ ქართული პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის, ლესლი ლოკოს, კონცეფციასა და მთავარ თემას- “მომავლის ლაბორატორია“.
პროექტი “იანვარი, თებერვალი, მარტი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მისი კურატორები გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე და ოთარ ნემსაძე გახლავთ.
საგულისხმოა, რომ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ პავილიონში, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის სახელოვნებო რეზიდენცია მოეწყობა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის 16 თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება, 6 თვის განმავლობაში, ადგილზე იმუშაოს.
მაგდა გურული-ვენეციის ბიენალეს ქართველი კომისარი : „ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ, რომ გახსნამ ძალიან კარგად ჩაიარა,სტუმრები აღფრთოვანებულები ტოვებენ ჩვენს პავილიონს. მივიღეთ ბევრი მილოცვა და ვფიქრობ, რომ 6 თვის მანძილზე, კიდევ ბევრი მნახველი ინახულებს ჩვენს პავილიონს“.
თინათინ გურგენიძე- პროექტის კურატორი: „ ძალიან სასიხარულოა, რომ წინა წელს გამოცხადდა კონკურსი და შევძელით ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება“.
ირანა სეპოვიჩი -არქიტექტორი: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ , პირველ ქართულ პავილიონში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოსნიას ჯერ კიდევ არ გვაქვს საკუთარი პავილიონი და ეს მართლაც შთამაგონებელია, რომ წინ წავიდეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებსაც ისინი უმკლავდებიან ადამიანის მიერ შექმნილ და ბუნებრივ ლანდშაფტებთან. ძალიან საინტერესოა ამ თემების პირდაპირ ხაზგასმა“.
ჰელენ შაუერი – არქიტექტორი: „ნამდვილად ძალიან მომეწონა ეს პროექტი. ის, რასაც მივხვდი, არის ის, თუ როგორ საუბრობთ ღიად იმ სისტემურ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს ეკოლოგიურად და სოციალურად აწუხებს“.
მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე მონაწილე ქართველებმა სტუმრებს, ინსტალაციასთან და სამ ფილმთან ერთად, პუბლიკაციაც გააცნეს. კვლევაზე დაფუძნებულ წიგნში განხილულია წყლის მნიშვნელობა, როგორც საერთო რესურსი, საქართველოს მოსახლეობისთვის.
სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით შედგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიული რეალობის დემონსტრირებას, მდინარის დინებაზე დაკვირვებით. მეცნიერთა და მკვლევართა ტექსტები კრიტიკულ კითხვებს აჩენს და ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის სხვადასხვა ასპექტებს ( ისტორიული, პოლიტიკური, გეოგრაფიული, ეკოლოგიური, ეკონომიკური, ეთიკური და სოციალური ) განიხილავს.
პუბლიკაცია მიზნად ისახავს წარმოადგინოს მომავალი, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესის კლიმატის ცვლილებების პოლიტიკური ნებისა და ტრადიციული საზოგადოების კვეთით არის განპირობებული.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც ქართველი და უცხოელი პროფესიონალები ერთიანდებიან. 2 წელიწადში ერთხელ, გუნდის წევრები მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებულ გამოფენებს, სამუშაო შეხვედრებს, სიმპოზიუმებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს მართავენ.
ვენეციაში, არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარე წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ლიკა მაჩხანელი