იაშვილის კლინიკა სკანდალში გაეხვა – არასათანადო პირობები, უხარისხო მომსახურება

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მიღებული სამედიცინო მომსახურებით  პაციენტების უკმაყოფილო მშობლებისა თუ ნათესავების რიცხვი კატასტროფულად მატულობს. პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჯგუფიც კი შეიქმნა სახელწოდებით “იაშვილის ბავშვთა კლინიკის დაზარალებულები”. 

ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ბავშვთა კლინიკაში მიღებული მძიმე და ხშირად გამოუსწორებელი შედეგების გამოცდილებას. წერენ საკუთარი მძიმე ისტორიების შესახებ, რათა მათ აქტივობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს და დაზარალებულებს სამართლის პოვნაში შეძლებისდაგვარად დაეხმარონ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იაშვილის კლინიკამ სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კლინიკის გადაწყვეტილებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო.

როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან.

რეგულირების სააგენტოს დასკვნაში კი ნათქვამია, რომ კლინიკაში დარღვეულია ინფექციის კონტროლის მექანიზმები. სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, ინფექციის არასათანადო კონტროლი დგას.

მედია სააგენტო “24” კლინიკის ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ადვოკატს დაუკავშირდა. როგორც ნანა ფარჩუკაშვილმა გვითხრა, 2020 წლის 3 მაისს იაშვილის სახელობის კლინიკაში 3 წლის მართა ხვედელიძე გარდაიცვალა.  გარდაცვალება გამოწვეული იყო სეფსისის შემდგომ განვითარებული პოლიუკმარისობით, რაც კლინიკაშიც აღიარეს. დაზიანდა ყველა ორგანო, რამაც საბოლოოდ გულის გაჩერება გამოიწვია. დიაგნოზი – სეფსისი, გამოწვეული იყო სწორედ კლინიკაში არსებული არასათანადო პირობებითა და მომსახურებით.

  “ჩვენი საჩივრის და ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე რეგულირების სააგენტომ მდგომარეობის ადგილზე შესწავლა დაიწყო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრი ისეთი დარღვევა გამოვლინდა, რომელიც კლინიკის დაკეტვის საფუძველი გახდა”, – გვითხრა მართა ხვედელიძის ოჯახის ადვოკატმა.

ნანა ფარჩუკაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება პატარა მართას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ, იმის გამო, რომ მართა ხვედელიძის ოჯახს ჯერ არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, საგამოძიებო მასალებზე სრულყოფილად არ მიუწვდებათ ხელი.

  “უტყუარად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რეგულირების სააგენტომ დაადგინა რიგი დარღვევები და ეს დარღვევები, მაღალი ალბათობით, იწვევდა ინფექციურ დაავადებებს”, – განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და ანალოგიური ტრაგედიები აღარ განმეორდეს კლინიკა შეწყვეტს პაციენტების მიღებას და ალბათ, კონკრეტულად იმ მითითებების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული, რა მითითებებიც რეგულირების სააგენტოს აქვს კლინიკის მიმართ წაყენებული.

სავარაუდოდ, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტები დარჩებიან გარკვეული დროით, რადგან ალტერნატიული შეთავაზება ონკოლოგიური პაციენტებისთვის სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს.

ლელა დევდარიანი


,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

პოდკასტი