“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

თბილისის ცენტრში, ქუჩაში მოკლული ქართველი პოლიტიკოსის – გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოცქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„წამოვედი ჟენევაში და თბილისში დავტოვე გული და სული. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის, ჩემო უსაყვარლესო ხალხო, მიყვარხართ უზომოდ

სამწუხაროდ, გურამ შარაძის დახვრეტის 16 წლისთავი არ გახსენებია არც ერთ მედიას, საერთოდ არავის (ნინო მიქიაშვილისა და “ალტ-ინფოს“ გარდა). აქედან დასკვნა – მის მკვლელობას ისევ ტაბუ ადევს და არც კი, რცხვენია არავის.

ახლა ერთი განცხადება უნდა გავაკეთო – 30 აპრილის აქციიდან ორ დღეში, 2 მაისს, ზედიზედ დამიკავშირდა სამი კაცი ,,ოცნებიდან“ (მესამე და მასთან ერთად მეოთხე – ჩემი ბავშვობის ამხანაგი, ვნახე). რაღაც სასწაულებრივი ძალით, სამივეს ერთ დღეს, ერთდროულად გასჩენია იდეა, რომ თბილისის რომელიმე ქუჩას ეწოდოს გურამ შარაძის სახელი. რასაკვირველია, გულითადი და გულწრფელი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამ უსაყვარლესი ადამიანების მიმართ

აქვე მათ ვუხდი უდიდეს ბოდიშს, მაგრამ რა ვქნა – “ოცნების“ არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან, არ მინდა და მორჩა! ჯერ საქმე გამოიძიონ, მინიმუმ, ხმა ამოიღონ. ამიტომ უარს ვამბობ! ცალი ხელით ტაბუ ადოთ, ცალი ხელით ქუჩა გახსნათ – ასე სადაა?! ამას არასდროს დავუშვებ.

ჭინკებს და დაბოღმილებს ტყუილად არ გაგიხარდეთ – სანამ ნაცები და მამაჩემის მკვლელები არ ამოიძირკვებიან, ჩემს სამშობლოს ზურგში მახვილს არასდროს ჩავცემ. აქედან გამომდინარე, არასდროს ვუმტრობ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ თავად არ შეირყა და არ გადაუხვია არჩეულ გზას. ნამდვილად მაქვს იმის ძალა, მოთმინება და ნებისყოფა, რომ დაველოდო და ვისიც საჭიროა, იმის საფლავებზე ვიხტუნო.

აქვე შალვა რამიშვილს ვეტყოდი – ძალიან კი იკეკლუცე ეთერში რომ ვიყავი შენთან, – მიუხედავად მამაშენთან ოპონენტობისა, ზღვარს არასდროს გადავსულვარო. ჰოდა, მე გადავალ ახლა ზღვარს – ხომ შეგხვდები ცხოვრებაში როდისმე, სად წამიხვალ, შე …ო!
გმადლობთ, ნახვამდის!“

რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის საქმეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის როლს უმთავრესად მიიჩნევს, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი. დანარჩენები – მერაბიშვილი, ახალაია და ასე შემდეგ, მისი აზრით, შემსრულებლები იყვნენ.

“ფიზიკურად, ყველა იერარქია იყო ჩართული, იქით – შსს–ს უმაღლესი პირებიდან პატრულამდე, აქეთ – დათა ახალაიას და მეგის ქარდავას ზონდერები. ამათთან თანაცხოვრება როგორ შეიძლება? რა ჰქვია იმას, რომ წამებაში, კაცისკვლაში მონაწილე ადამიანები არათუ ციხეში სხედან, არამედ, უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის, ძალოვან უწყებებში? აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტის ქურდებზე და ტერიტორიების გამყიდველებზე. დღეს, არავისთვის უცხო აღარაა, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ბანდას, თავისი დანაყოფებით, „მთავარი ოპოზიცია“ ერქმევა, „ოცნება“ სულ გაიმარჯვებს. ისინი აცოცხლებენ ერთმანეთს. აი, ამიტომ არ გასამართლდა კაცისკვლაში დამნაშავე პარტია და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი”, – აცხადებს რუსუდან შარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა. აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

შორენა ღავთაძე


რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო

“ადეიშვილის მოსამართლეებს დღეს ბრძანებას აღარავინ აძლევს,მაგრამ ხვალ მოვა ვინმე და მისცემს”

ფესვგამდგარი კლანი ქართულ სასამართლოში- ვინც რეფორმას აფინანსებს, სანქციებსაც ის აწესებს

ექთანმა პრესტიჟულ კლინიკას შრომითი დავა მოუგო

რატომ იძარცვება ქარხანა, სადაც სახელმწიფოს 12%-იანი წილი აქვს – სკანდალი ელმავალმშენებელი ქარხნის გარშემო

პოდკასტი