ქართველი ოფიცრების დახვრეტის ადგილას ბოლშევიკებმა საზოგადოებრივი ტუალეტი დადგეს

“მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!”

საქართველოს ეროვნულ-პატრიოტული ძალებისგან შემდგარი “სამხედრო ცენტრის“ ოფიცრების დახვრეტიდან 100 წელი გავიდა. ამ თემას მიეძღვნა საჯარო ლექცია, რომელიც, 23 მაისს, ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართა. ლექციას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლებმა – დავით სილაქაძემ და ლევან ჯიქიამ წაიკითხეს, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანი, “სამხედრო ცენტრის“ ხანმოკლე, თუმცა გმირული ისტორიის შესახებ, საზოგადოების მეტი ინფორმირება იყო.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ეროვნულ-პატრიოტული ძალები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად სხვადასხვა გეგმას ამუშავებდნენ, მათ შორის იყო შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება. ამ მიზნით, საქართველოში მოქმედი შეიარაღებული რაზმები გაერთიანდნენ და “სამხედრო ცენტრი“ ჩამოაყალიბეს. შემადგენლობაში პატრიოტულად განწყობილი საკადრო სამხედროები იმყოფებოდნენ. ისინი აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. თუმცა, 1923 წლის თებერვალში, ისინი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტური ორგანიზაციის წევრმა, კალისტრატე მესაბიშვილმა დაასმინა.

საბჭოთა უშიშროებამ “სამხედრო ცენტრის“ წარმომადგენლები დააპატიმრა და მათ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.

1923 წლის 20 მაისს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კოტე აფხაზი, თავის თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს. ესენი იყვნენ: ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ივანე ქუთათელაძე, ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ლევან კლიმიაშვილი და დიმიტრი ჩრდილელი.

ათეულობით წლის განმავლობაში, იმ ადგილზე, სადაც ისინი დახვრიტეს, ბოლშევიკური რუსეთის ქართველი დამქაშების ინიციატივით, საზოგადოებრივი ტუალეტი იდგა.



“მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“, – ამბობდა სიკვდილის წინ გენერალი კოტე აფხაზი.

კოტე აფხაზთან ერთად დახვრიტეს რუისელი, 26 წლის ლევან კლიმიაშვილი.

“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“, – დახვრეტამდე, მეტეხის ციხის კედელზე წაუწერია ოფიცერს.

ბოლო წუთებში, ციხის დერეფანში მყოფმა იასონ კერესელიძემ კი, სხვების გასამხნევებლად ჰიმნი “დიდება” იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აჰყვნენ.

ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ხელების გახსნა მოახერხა, შეიარაღებული დაცვის (“კონვოის”) ერთ-ერთ წევრს რევოლვერი აართვა და სატვირთო ავტომობილიდან გადახტა, მაგრამ იარაღი ხელიდან გაუვარდა. დადევნებისას, კომუნისტებმა – აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს და მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.

“თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ბანდიტები არ ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – ეს მისი ბოლო სიტყვები იყო.

ქართველმა ოფიცრებმა დახვრეტის წინაც სამაგალითო გმირობის მაგალითი აჩვენეს.

ლიკა მაჩხანელი