ქუჩა თბილისში, რომელსაც პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ეცვლებოდა სახელი

კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა ტურისტებისთვის და ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა. იგი კალას უბანში მდებარეობს და თავისუფლების მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე გრძელდება. ლესელიძეზე შეძლებთ დაათვალიეროთ XIX და XX საუკუნის არქიტექტურა, ნორაშენის ღვთისმშობლის და ჯვრის მამის ეკლესიები, სინაგოგა. აქ მდებარეობს აგრეთვე მინერალების მუზეუმი, სადაც ამეთვისტოს, მთის ბროლს, აქატს, გაქვავებულ ნიჟარებს და სხვა მრავალ ულამაზეს ექსპონატს ნახავთ.

კოტე აფხაზის ქუჩა შუასაუკუნეებში წარმოიქმნა და მას შუა ბაზარი ეწოდებოდა. მას ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ორ უბანს – ზემო და ქვემო უბანს შუა მდებარეობდა. აქ ოფიციალური ბაზარი არ იყო, თუმცა მუდამ ხალხით იყო გადაჭედილი და ვაჭრობის არაოფიციალური ცენტრი გახლდათ.

1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში იგი შეტანილია როგორც სომხის ქუჩა და პავლე ციციანოვის ქუჩა, თბილისის 1867 წლის გეგმაზე კი დატანილია როგორც პავლე ციციანოვის ქუჩა, 1876 და შემდგომი წლების გეგმებზე – როგორც სომხის ბაზარი. 1938 წელს სილიბისტრო თოდრიას სახელი დაერქვა, 1944 წელს – კონსტანტინე ლესელიძის, 2006 წელს კი, კოტე აფხაზის სახელი ეწოდა და დღემდე ამ სახელს ატარებს.

ისტორიულად ეს უძველესი საქარავნო გზის მონაკვეთი იყო, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის ხაზს გასდევდა და ქალაქის ცენტრს აბანოთუბანთან აკავშირებდა. შემდგომში ის თანდათან ქალაქის ძირძველი ნაწილის – კალის სავაჭრო ცენტრად იქცა. ქუჩის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო განლაგებული სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები და საკულტო ნაგებობები და ფაქტობრივად, ქალაქის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს, თავისებურ ბირჟას წარმოადგენდა.

კოტე აფხაზის ქუჩას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალად გადაიქცა, რომელიც ქალაქის ცენტრს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან აერთებს. ეს ქუჩა დღემდე რჩება კულტურულ-სავაჭრო ცენტრად.

ქართველი გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 56 წლის ასაკში, 1923 წლის 23 მაისს ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

მისი წინაპრები აფხაზი თავადები იყვნენ, გვარად ანჩაბაძეები. როგორც ცნობილია, მისი დიდი წინაპარი – იოვანე აფხაზი სამეფო კარის მესტუმრეთუხუცესი ყოფილა. კოტე აფხაზი სიღნაღის რაიონის სოფელი კარდანახში 1867 წლის 25 სექტემბერს, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა(1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის(1834-1883) ოჯახში დაიბადა. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. 1890 წლიდან მსახურობდა ცარისტული რუსეთის არმიაში. I მსოფლიო ომის წლებში(1914–1916) სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას. 1917 წლის თებერვალ-სექტემბერში იგი აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში.

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ(რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში.

1919 წლის თებერვლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კონსტანტინე აფხაზი. სწორედ ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სხდომაზე, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სამართლებრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს ამშვენებს აფხაზის ხელმოწერაც. 1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან და გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის დროს აფხაზი იყო ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის.

1923 წლის თებერვალში დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკიის ტერიტორიაზე. ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის(1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის(1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი(1918), ილია ჭავჭავაძის დის შვილი.

თბილისის ეს ქუჩა მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა კონსტანტინე ლესელიძის სახელს. ის წითელარმიელი, მეორე მსოფლიო ომის გმირი, ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი იყო. მის შესახებ ცნობილია ისიც, რომ მონაწილეობდა ანტი-საბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში.

დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ხვაბრეთში 1903 წელს.

1921 წლის მაისში გახდა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი. იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი. 1922-1925 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური. 1924 წელს ჩააბარა გამოცდები ნორმალური საარტილერიო სკოლის კურსებზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ქერჩში, სადაც დაიღუპა და 224-ე ქართულ მსროლელ დივიზიის სხვა წევრებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი; ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი.

1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი; 1939 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად; დიდი სამამულო ომის საწყის წლებში იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე; 1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, იგი გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე; იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი(1943-1944); მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით; ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი.

შორენა პაპაშვილი

ასევე წაიკითხეთ: ქართველი ოფიცრების დახვრეტის ადგილას ბოლშევიკებმა საზოგადოებრივი ტუალეტი დადგეს


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი