დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს საქართველო ევროკავშირის დროშების გარეშე ზეიმობს

ხვალ 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა. დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავისთვის სადღესასწაულო სამზადისი ქვეყნის ყველა ქალაქში მიდის. ღონისძიებების პროგრამა მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

26 მაისთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრალური გამზირი სადღესასწაულოდ არის მორთული. რუსთაველის გამზირს ზემოდან სახელმწიფო დროშის ფერებში მოწყობილი დეკორაცია გასდევს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ვიდეოებსა და ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ასახულია სადღესასწაულოდ მორთული გამზირი.

არსებობს ერთი თვალში საცემი დეტალი, რამაც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, სახელმწიფო დროშების გვერდით არ არის განთავსებული ევროკავშირის დროშა. შეიცვალა სლოგანიც -“წინ ევროპისკენ!” და ის ახლი ფრაზით ჩანაცვლდა – “თავისუფლების სიყვარული”.

ევროკავშირის დროშების გაქრობა, ქვეყნის საბოტაჟად შეაფასა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილმა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, “რუსული ოცნება” ანტიდასავლური კამპანიის წარმოებას აქტიურად ცდილობს. “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაღობა სწორედ ხელისუფლებაა.

“ქართული ოცნება, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმბოლოებს და ეს ფაქტიც, სიმბოლურია, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ “ქართული ოცნება”, როგორ ცდილობს ანტიდასავლური კამპანიის წარმოებას და მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში არის ევროკავშირი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მე მგონი საზოგადოებისთვის ეს ჟესტიც, ეს სიმბოლოც უნდა იყოს განმსაზღვრელი, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეალურად “რუსულ ოცნებას” წარმოადგენს და მთავარი წინაღობა არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების” – ამბობს “ენმ – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მოსახლეობას წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მალე “ოცნება” რუსულ დროშებს გამოფენს.

“ქართველმა ხალხმა არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს, ამ დროს, ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ის, რომ თუნდაც, 2021 წელს ევროკავშირის დროშები იყო დამოუკიდებლობის დღეს და დღეს გააქრეს, ეს არის კონკრეტული გზავნილი, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიმდინარეობს “ქვეყნის რუსეთიზაცია”.

“ისინი უკვე ღიად ანტიევროპულ კამპანიას ეწევიან, ასეთი დეტალები არის გამოვლინება და გზავნილები, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით. ამ დროშების არ დაკიდება კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ოფიციალურად გადაწყვეტილი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარის, ზურა ჯაფარიძის თქმით, 2 წელია, ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადიდან ევროკავშირის დროშები გაქრობა შემთხვევითი არ არის.

“არ მგონია შემთხვევითობა იყოს, ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები შემთხვევით, მათ შორის თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 წელია ამ ქვეყანაში მიდის უკვე ანტიდასავლური კამპანია, ძალიან ბუნებრივია იფიქრო, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. სამწუხაროა, რომ კახა კუჭავა აღარ გვყავს, რომელიც გამოდიოდა ხოლმე და აღმართავდა ხოლმე ევროკავშირის დროშას. ისინი უარს ვერ იტყვიან ევროკავშირზე იმიტომ, რომ მათი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი, პროდასავლურად და პროევროპულად არის განწყობილი, მაგრამ ნელ-ნელა ცდილობენ ჩაანაცვლონ წარმოდგენა საქართველოს მომავალზე, როგორც ევროპის ნაწილზე, რაღაცა სხვა ტიპის ქვეყნის” – თქვა პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ.

24 მაისს, გვიან ღამით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა მიიტანეს. მათ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდეს ყველა ქალაქში, სადაც კი 26 მაისს გავლენ საზეიმო ღონისძიებაზე, აუცილებლად თან იქონიონ ევროკავშირის დროშა. საკუთარი აივნებიდან გადმოფინონ ევროკავშირის დროშა და აჩვენონ „ქართულ ოცნებას”, რომ მოსახლეობას გაკეთებული აქვს უკვე არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული.

26 მაისის დეკორაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი შეფასებით, ევროკავშირის დროშა 1918 წლის 26 მაისთან არანაირად არ არის დაკავშირებული. 1918-1921 წლებში ევროკავშირი საქართველოს, არც დამოუკიდებლობის გამოცხადებაში დახმარებია და არც მის შენარჩუნებაში.

„ამ საშინელების მომწყობი და მათი თაყვანისმცემელნი დღეს ბუყბუყებენ იმაზე, რომ ევროკავშირის დროშები გამოფენილი არ არის! და ამას ხავიან ის სუბიექტები, რომელთაც ერთი სიტყვაც არ ამოუღიათ 2011 წლის 26 მაისს მაღაზიების სახურავებზე შეგნებულად გარდაცვლილები ასობით დაჭრილ-დასახიჩრებულ დაინვალიდებულებზე! და რაც მთავარია კითხვა მაქვს ზოგიერთ მეისტორიესთან: გამაგებინეთ გეთაყვა რა კავშირი აქვს ევროკავშირს და თუნდაც მის დროშას 1918 წლის 26 მაისთან? ევროკავშირი დაგვეხმარა დამოუკიდებლობის გამოცხადებაში? ევროკავშირი დაგვეხმარა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში 1918-1921 წწ? ეგ არის რასაც თქვენ სჩადიხართ ჩასაფრებული სუბიექტის პოზიცია და საქართველოს პირდაპირი მტრობა! თქვენ ისე გაწუხებთ საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც მე სომალის გაერთიანება! თქვენ ევროკავშირის დროშა კი არა! თქვენ ასრულებთ უცხოთა დავალებებს ფულისა და ხელისუფლებაში დასმისა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმის სანაცვლოდ!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღებას ცდილობს.

“ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ. ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში”, – წერს მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, წლევანდელი 26 მაისის გზავნილია – “თავისუფლების სიყვარულით”. გარე გაფორმებებში უპირატესობა მიენიჭა ეროვნულ სიმბოლიკას.

“შარშანდელი თემა იყო “ევროპისკენ” , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა  რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართება.

დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ფიცი მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დაიდება.

რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა. მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყობა კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.

26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.

შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი