საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს ზეიმობს

26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა 2-ჯერ მოიპოვა – 1918 წლის 26 მაისს რუსეთის ცარიზმის იმპერიისგან, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს სსრკ-გან გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად. დამოუკიდებლობის გამოცხადების ეროვნული დღესასწაული 26 მაისს აღინიშნება.

ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

“ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა-დემოკრატიული რესპუბლიკა.
საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის საქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისთვის“,- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით ქართველ ერს ამ სიტყვებით ამცნო.

ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ- მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა განაპირობა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო პარლამენტი ( ეროვნული საბჭო) იყო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო-მინისტრთა საბჭო, რომელიც პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. მას შემდეგ, 26 მაისი საქართველოს ყველა კუთხეში საზეიმოდ აღინიშნება. დღესასწაულს წელსაც არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი