საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

სამინისტროს ინფორმაციით, კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარის ჩანჩქერზე გამოჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულება. ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, კაუნასში – ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ავსტრალიაში კი – ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა.

26 მაისის აღსანიშნავად არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდა საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა განათდა საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა – Kingdom Tower-ი, თურქეთში კი – იზმირის მთავარი სიმბოლო – საათის კოშკი და ქალაქ სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი.

26 მაისის აღსანიშნავად, აზერბაიჯანში „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“ განათდა.

კვიპროსში კი, ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე, კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი, საქართველოს დროშა დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე გამოისახა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ირლანდიაშიც აღნიშნავენ, სადაც ქალაქის მთავარ მოედანზე დღეს, საქართველოს დროშები გამოიფინა და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett-ის ხიდი განათდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდა, საბერძნეთში – ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდა კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი – ეროვნული მონუმენტი და შადრევანი. ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდა საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი – მერიის შენობა.

ამასთან, ნიუ იორკში გაიმართა საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართა მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ბარიში ქართული დროშა გამოიფინა მერიის შენობაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis-ის ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა. ასევე, ნიდერლანდებში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდა ქართული მელოდიები. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის, ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობაც, ასევე, ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ.

აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა.

შვეიცარიაში, ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია. ეროვნული დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია. კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტოგამოფენა, დოკუმენტური ფილმის, „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები.

“ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში, სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ჟენევაში”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთსა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი