ტაძრები, რომლებიც ზემო და ქვემო აკეთის სავიზიტო ბარათია

აკეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში მდებარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, 1899 წელს, სოფლის სასაფლაოსთან  აუშენებიათ. დღეს უკვე მისი ნანგრევებია შემორჩენილი.

დარბაზული ეკლესია კარგად დამუშავებული ქვებითაა ნაგები. ამჟამად ჭერი ჩამონგრეულია. მთლიანად ჩამოქცეულია სამნაწილიანი აბსიდიც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები, თავისი შესასვლელებითა და სარკმლებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე კი შემორჩენილია ჩუქურთმა.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, სინამდვილეში, აკეთის წმინდა გიორგის მშენებლობა უფრო ადრე, მეცენატ სამსონ ხუხუნაიშვილის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით დაუწყიათ. ქვის მასალა მოჰქონდათ „ნაისრალიდან“, რომელიც ზემო აკეთელებმა 40 უღელი ხარით გადმოიტანეს. ეკლესია მოქმედი იყო და ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვა აღევლინებოდა.

ტაძრის ადრეულ განახლებაში დიდი წვლილი  სოფლის მამასახლისს, პავლე თოხაძეს მიუძღვის.

იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აშენებულიყო უფრო ადრე, ვიდრე აღსავლის კარზეა მითითებული, ამყარებს ის, რომ 1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ცნობილია ისიც, რომ ამ ლაშქრობის დროს, დაზიანდა აკეთის მაცხოვრის ეკლესიის კედლები და გუმბათი. ადვილი შესაძლებელია, ამ ლაშქრობას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დაზიანებაც მოჰყოლოდა.

აკეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

დღეს ეკლესია დანგრევის პირას არის და აღდგენა-რესტავრაციას საჭიროებს.

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია კი ქვემო აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა შენაკადის, აცაურას ნაპირას, ოდნავ შემაღლებულ ბაქანზე მდებარეობს.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. აღმოსავლეთით მას სამწახნაგა აფსიდი,  ჩრდილოეთიდან კი ეკვდერი აქვს მიშენებული. ტაძრის სახურავის კეხზე თაღებით გახსნილი სამრეკლოა დაშენებული. მას ორი შესასვლელი და  ქვის, მოჩუქურთმებული კანკელი ჰქონდა. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვაზე აღმოჩენილია წარწერა: „…აშენდა მეფობასა შინა…ბრძანებითა მისისა…ჩრ….წელს“, ჩრდილოეთით კი ბერძნული წარწერა. ეკლესიაში შემორჩენილი იყო ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერაში მოხსენიებულნი იყვნენ იესე მანველიშვილი და მისი მეუღლე მარეხ მაჭუტაძე. ასევე, შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში იხსენიებოდა მირზაბეგ თავდგირიძე. ნაგებობა ნაშენია უხეშად თლილი კვადრებით და შემოვლებული აქვს გალავანი.

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ჩრ.ფასადი

ლეგენდის თანახმად, აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა. ტაძრის ასაშენებლად, ბერძენი ოსტატებიც მას მოუწვევია. ოსტატებისთვის ორი ტაძრის აშენების ბრძანება მიუციათ. ერთი სოფელ აცანაში ( ოქონის მონასტერი) უნდა აშენებულიყო, მეორე კი სოფელ აკეთში. მთავარი ოსტატი ტაძრის ასაშენებლად აცანაში გადასულა, აკეთის მაცხოვრის ეკლესია კი შეგირდისთვის მიუნდია. მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებია და მეფის საჩუქარიც მიუღია. ეს სწყენია ოსტატს და მისი დავალებით, შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრიათ.

ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი იმალებოდა. მის საძვალეებში გურიის ისტორიისთვის მნიშვნელოვან პიროვნებათა გვარ-სახელები იკითხება.

ყველაზე მთავარი სიწმინდე, რაც ტაძარს გააჩნდა, მაცხოვრის ხატი ( ღვთაების ხატად წოდებული) იყო, რომელიც ქვეყნიდან გაიტანეს და გაყიდეს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ეკლესია, თავი დროზე, დასავლეთ საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარიას საკათოლიკოსო სადგომი ყოფილა, რომელიც მას დიმიტრი და სვიმონ გურიელებმა შესწირეს. ამ ფაქტის შემდეგ, აკეთის მაცხოვარი, თავისი ადგილ-მამულებით ბიჭვინთის საპატრიარქო კათედრის საკუთრებაში გადავიდა. 1712 წელს, გიორგი IV გურიელმა, ის კვლავ აფხაზთა კათალიკოსს შესწირა.

1772-76 წლებში , აკეთში ქვემო გურიიდან დევნილი თავდგირიძეები დასახლდნენ, რომლებმაც  ტაძარი აღადგინეს. სოფელ გვარადან გადმოიტანეს თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილის ლაშქრობისას, დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან დამალული ჰქონდათ. მე-19 საუკუნეში, ეკლესია გიორგი თავდგირიძემ კვლავ განაახლა. თავის დროზე ტაძარი მოხატული იყო, მაგრამ რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ, ფრესკები მხოლოდ გუმბათზეღა იყო   შემორჩენილი. ეკლესია რამდენჯერმე გაიქურდა, მაგრამ მისი საგანძურის ნაწილი მაინც გადარჩა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა. 1986 წელს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურმა მიიღო ეკლესიის რესტავრაციის გადაწყვეტილება. გაიწმინდა ნაგებობა, დახარისხდა ქვები, მოიხსნა ზედმეტი მიწა, მაგრამ, 90-იან წლებში სამუშაოები შეწყდა. საბოლოოდ, ეკლესიის რეკონსტრუქცია 2010 წლიდან განახლდა.

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია რესტავრაციამდე

აკეთის წმინდა გიორგისა და მაცხოვრის სახელობის ეკლესიები სოფლის სავიზიტო ბარათია. დღესდღეობით, სოფელი დაცლის პირასაა.  სოფლის მაცხოვრებლებს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის აღდგენის შემდეგ, იმედი მიეცათ, რომ,ოდესმე, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც დაუბრუნდება  პირვანდელი იერსახე და ძველი ტრადიციების მქონე სოფელში  კვლავ გაჩნდება ახალი სიცოცხლე.

 

ლიკა მაჩხანელი


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი