არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია გადარჩენას ითხოვს
არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში მდებარეობს. გვიანდელი შუა საუკუნეების ძეგლი, დღესდღეობით, დაზიანებულია. გრძლივ კედლებს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარები დაუყვება, საკურთხევლის ნაწილი კი აღმოსავლეთითაა გადახრილი.
ეკლესია XVI- XVII საუკუნეებში მოუხატავთ, რომელიც ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები დაზიანებულია. საკურთხეველში მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი- კონქში ვედრების კომპოზიციაა, მეორე რეგისტრში მოციქულებია გამოსახული, მესამეში კი ეკლესიის მამები. ტაძრის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ნათლისღება, ჯვარცმა და ვედრების პოზაში სამი ქტიტორის გამოსახულების ფრაგმენტები; ჩრდილოეთით ქალის და კაცის გამოსახულება და წმინდანთა ფიგურებია შემორჩენილი.
არგოხის მთავარანგელოზის ეკლესიის სამრეკლო ორსართლიანია, რომელიც ტაძრისთვის მოგვიანებით მიუდგიათ.