საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ადრექრისტიანული ხანის ქართულ სატაძრო დღესასწაულს- ლომისობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან მე-7 კვირის ოთხშაბათს, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს- ლომისობას ზეიმობს.

უძველესი  ქართული სატაძრო დღესასწაული- ლომისობა ადრექრისტიანულ პერიოდში იღებს სათავეს. ბოლო წლებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქვედა მლეთაში აღდგა წირვა- ლოცვა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ტაძარში  ღვთისმსახურება ტარდება, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა იქაურობაზე. ადამიანები ეკლესიაში  უკვე მიდიან არა მარტო სისხლიანი მსხვერპლშეწირვისთვის, არამედ აღსარების სათქმელად და საზიარებლადაც.

ლომისის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული მიეკუთვნება წინაქრისტიანულ პერიოდს, ანუ თითქოს თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ასმათ ოქროპირიძის მტკიცებით კი, ეს გახლავთ ადრექრისტიანული და არა წინაქრისტიანული, ანუ წარმართული დღესასწაული.

როგორც ,,ქართლის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, როდესაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა და სარწმუნოება იქადაგა, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე და ილოცა, რა დროსაც ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი სასწაულებრივად გამოჩნდა. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღესასწაულად გამოაცხადა. ნიშანდობლივია, რომ ლომისობა  ემთხვევა ამ დღეს. ასმათ ოქროპირიძის მოსაზრებით,  ეს ორი დღესასწაული სწორედ იმიტომ ემთხვევა ერთმანეთს, რომ მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა- ქრსტიანული ჯვრის სასწაულებრივი გამოჩენა გადაეცა მთის ხალხს, როგორც დღესასწაული ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო წმინდა გიორგის პიროვნებაში.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ისტორიის მიხედვით,  XIII საუკუნეში  ჯალალ ად- დინი საქართველოს შემოესია, მოაოხრა ტერიტორიები, მათ შორის დაარბია არაგვის ხეობა და შემდეგ 7000 არაგველი სპარსეთში ტყვედ წაიყვანა, რომლებსაც ჯვრები და მთიულეთის მთავარი სიწმინდე- გზოვანის წმინდა გიორგის ხატი თან წაუღიათ.  ხატს ხორაზნის მხარე  ,,შეუკრავს“- დედამიწაზე ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანები და საქონელი კი გაბერწებულა. სულთანს გაუგია რომ  უბედურების მიზეზი ხატი და ჯვრები ყოფილა.  მისი ბრძანებით, ეს ყველაფერი საკირეში დასაწვავად მოუთავსებიათ. ყველას თვალწინ  გზოვანის ხატი უვნებლად საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. საქართველოში დაბრუნებისას, გზად , სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგიათ. ბოლოს  არაგვისა და ქსნის გამყოფ ქედამდე  მოსულან, სადაც ხარი უსულოდ დაეცა. ამ ფაქტის შემდეგ, გადაწყვიტეს ამ ადგილზე , წმინდა გიორგის საპატივცემულოდ, ტაძარი აეშენებინათ, რადგან ეს სასწაულმოქმედი ხატი საქართველოში სწორედ ხარმა  დააბრუნა.

ტაძრის აგებაში მონაწილეობა ტყვეობაში მყოფმა ადამიანებმა მიიღეს. ერთმანეთს აწვდიდნენ ქვებს, ნელ-ნელა ზიდავდნენ. როდესაც კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, ხატი ეკლესიაში დააბრძანეს. სალოცავს, ლომა ხარის საპატივცემულოდ, ლომისის წმინდა გიორგის სახელი ეწოდა.

საყელურიანი დიდი რკინის ჯვარი, რომელიც ტაძარში ინახება, ხალხურ ისტორიას ინახავს. გადმოცემის მიხედვით,  ჯაჭვი მლეთაზე დადიანის ქალიშვილს აუტანია, რომელსაც დიდი ცოდვები ჰქონდა ჩადენილი. მონანიების მიზნით, აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად, წმინდა გიორგის მეოხებით, და  იმ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. ქალიშვილს აღუსრულებია  აღთქმა. ამის შემდეგ ჯაჭვი წმინდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის ზედმიწევნით გამეორებას.

 

ლიკა მაჩხანელი


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი