ოკუპირებულ რეგიონში მოქცეული ქართული ტაძარი
ყანჩაეთის( ყანჩავეთის) კაბენის ღვთისმშობლის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩაეთში ( ყანჩავეთი) მდებარეობს. 2008 წლიდან, იგი ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებშია მოქცეული.
ყანჩაეთის კაბენის ეკლესია მდიდარია ჩუქურთმებითა და მოხატულობით. დღესდღეობით, ეკლესიის ნაწილი დაზიანებულია, ფრესკების ნაწილი კი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.
ყანჩაეთის კაბენის მონასტერი IX –XIII საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად ტაძარი XIII საუკუნეში მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ. ეკლესია თავიდან ,,თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა. უძველეს ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, ოთხი გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. IX საუკუნით თარიღდება გუმბათში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. ჩვენამდე მოაღწია XII- XIII საუკუნეების მოხატულობის ნაშთებმაც. ტაძარი ყურადღებას იქცევს მდიდრული საფასადო მორთულობით.