ფოტოზე გაცოცხლებული ემოციები და შთაბეჭდილებები – მინდია მიდელაშვილის მოგზაურობა ნამიბიაში
,,გაზიარების სურვილი ერთმანეთთან გვაახლოებს…
ყველა ფოტო, რაც თქვენ გაგიზიარეთ ამბავს ჰყვება… სიტყვებით თუ უსიტყვოდ, მზერით თუ ფერით…
თითოეულ კადრში ჩადებული ენერგია, დრო და სიყვარული, ყოველმა თქვენგანმა თქვენებურად მიიღეთ და ეს ემოციები თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო გაშალეთ… თქვენი სიტყვებით მეც დამმუხტეთ”.
ეს სიტყვები ფოტოხელოვან მინდია მიდელაშვილს ეკუთვნის. ყველგან, სადაც მიდის, ჩანაწერებს აკეთებს. ყველა ემოცია დღიურში გადმოაქვს. მძაფრად შეიგრძნობს თითოეულ იმ მომენტს, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობისას აღიქვამს. შთაბეჭდილებებს კი ფოტოზე აღბეჭდავს. ფოტოგრაფია და მოგზაურობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
,,MINDIA IN INDIA”, ,,იასამნისფერი გამოფენა“, „მზით ნაბეჭდი“, ფოტოსპექტაკლი კახი კავსაძესთან ერთად, გამოფენა ,,ტაილანდი და ვეფხვის მონასტერი” და სხვა- მისი გამოფენები ყოველთვის განსხვავებული და კრეატიულია. ფოტოგრაფი გამოფენებს 2006 წლიდან მართავს.
აფრიკა მინდია მიდელაშვილის ერთ-ერთი ოცნება იყო. ეს ოცნებაც აიხდინა. დღეს ფოტომოგზაურის ნამიბიაში გადაღებულ ფოტოებს დაგათვალიერებინებთ. ერთად ვიმოგზაუროთ მისი ოცნების კონტინენტზე.
,,…სპილოების ოჯახი, თითქოს ერთი მთლიანი ორგანიზმი ყოფილიყო, ისე იყვნენ მიკრულები ერთმანეთზე.
მოძრაობა შენიშნეს…
რამდენიმე მამრი გამოეყო ჯოგს და ჩვენკენ წამოვიდა… ჯოგსა და მანქანას შორის შეჩერდნენ, ყურები გაშალეს, ხმით ნიშანი მომცეს – “ეს ხაზია, რომელიც არ უნდა გადაკვეთო”
,,ბუნებრივი ბალანსის ნიშნები, რომელიც გარემოში გვხვდება, ნარჩენებია იმ საოცრების, რაც ოდესღაც იყო დედამიწაზე…
ეს ჰარმონია იმდენად იშვიათი შესამჩნევია, რომ შეიძლება ერთ დღეს ვეღარ დავინახოთ და სრულიად ციფრულ სამყაროში გაგვეღვიძოს…
კომუნიკაციის უნივერსალური ენა დავკარგეთ და დღეს ცხოველებს არა როგორც ბუნების ნაწილს, არამედ საჭმელს ან საშიშ მტრად აღვიქვამთ…
სამივე ცხოველი განსხვავებულია, სამივე მშვიდად მოძრაობდა თავის გზაზე”…
,,ნაკრძალში ლომია, მაგრამ სად, არ ვიცით. გამყოლმა იცის ადგილები, სადაც უყვარს მოსვენება ცხოველთა მეფეს. შუადღისას ვიპოვეთ. მანქანა ახლოს გავაჩერეთ, არც განძრეულა. ველოდებოდი როდის ჩავხედავდი თვალებში თუნდაც ქენონის ლინზის გავლით… კამერის გარეშეც მოდიოდა ის ენერგია, რაც აქამდე არცერთ ცხოველზე არ მიგრძვნია. მივხვდი, რომ პირველად ვნახე ნამდვილი, თავისუფალი ლომი.
არც ყველაზე ძლიერია, არც ყველაზე სწრაფი, არც ყველაზე ლამაზი, მაგრამ შეხვედრისთანავე მისი სიმშვიდე მეც გადმომედო. ეს ენერგია მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა თავისუფალია… მაშინ გრძნობ როცა თავისუფალი ხარ “…
,,უდაბნოს დიუნები პირველად უნდა გადამესერა. პულსიც შესაბამისი იყო, ადრენალინის სასიამოვნო ნაკადს ვგრძნობდი“.
,,ცის მბრძანებელი მიწაზე დაეშვა…
ნელი ნაბიჯით მისკენ წავედი,
სასურველი მანძილიდან გადაღება დავიწყე…
რა პატარაა… გავიფიქრე.
მტაცებლის მზერა აქვს, თითქოს სულ მსხვერპლს ეძებს…
შემამჩნია …
ფრთებით თავისკენ მოზიდა ჰაერი და აიწია ზე-ცაში…”
,,იდეალური ფერის ბალანსია,
ქვემოთ ცივი ტონები, ზემოთ თბილი…
გადავიღებდი თუ არა, უღიმღამო შეფერილობის რომ ყოფილიყო? არამგონია…
ორი ფერი უკვე კომუნიკაციაა…
და მეც დავაჭირე“…
ხალხი ირეოდა მორევივით სადღაც, აფრიკაში…
მხოლოდ ქალი დუმდა…
ლიკა მაჩხანელი