საზაფხულო საბავშვო ბაგა – ბაღებში რეგისტრაცია იწყება
თბილისის მასშტაბით, საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ივლისის განმავლობაში, 17 000-მდე აღსაზრდელს 45 მუნიციპალური საბავშვო ბაღი მოემსახურება. საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი ამჯერად 3 ეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორეზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, მესამეზე კი საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება. ბაღები ტერიტორიული პრინციპით შეირჩა, რადგან ქალაქის მასშტაბით ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.
,, პანდემიის პერიოდში, იმ დროისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ მუშაობდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და საზაფხულო ბაღებმა იფუნქციონიროს. გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში შვებულების აღებას და ქალაქიდან გასვლას. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. რაც შეეხება 2023 -2024 წლის სააღმზრდელო წელს, საბავშვო ბაღში, რეგისტრაციის პროცესში, გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას, ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს”, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც. ამ ეტაპზე 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.