ტაძარი, რომელიც მრავალფეროვანი ორნამენტებითა და კედლის მდიდარი მხატვრობითაა გამორჩეული
,,…არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი, გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის ხევი, ვენახიანი, ხილიანი“,- ასე აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი ფიტარეთის მონასტრის მდებარეობას.
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1203-1222 წლებით თარიღდება. ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა, ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა, რომ კომპლექსი XIV საუკუნეში აღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო. სამონასტრო კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილ-ორბელიანთა საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება. ფიტარეთში დაკრძალულნი არიან ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა (სომხეთის მოურავი და საორბელოს პატრონი), სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვანი.
სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები. სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია.
ფიტარეთის ტაძარი თავისი ეპოქის ძეგლებისგან გამორჩეულია, რადგან ცნობილია მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტებით, რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება.
ფიტარეთის ტაძარი დაფარულია კედლის მდიდარი მხატვრობით, ფრესკები ამჟამად ძალზე დაზიანებულია და ფრაგმენტულად არის შემორჩენილი.
ფიტარეთის მონასტერი მოქმედია და მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში შედის.