ფშაველი- აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ჩატარდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა. როგორც ცნობილია, ფშაველი-აბანო- ომალოს გზის რეაბილიტაციაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, რეაბილიტაცია გზის 14.4 კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, რისთვისაც ორი ტენდერი ჩატარდება.
ტენდერები ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებულ საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს მოიცავს.
,, პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან, არაუმეტეს 3 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა”,- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების გაგზავნა 17 ივლისამდე შეეძლებათ.