ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკიდურესად დაიძაბა

ჭიათურაში დასაქმებულთა პროტესტი უკვე 14 დღეა გრძელდება. მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს. აქციას 500 მაღაროელი შეუერთდა, რომელთაგან 12 -მა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა. მოშიმშილე მაღაროელებიდან ერთმა პირი ამოიკერა, ერთმა კი თვალები. მათ პროტესტის ასეთი ფორმა მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გადაწყვიტეს. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ღირსეული შრომის პირობების შექმნა, 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე დარჩენა, ხელფასების 40%-ით გაზრდა და მოპოვების წესის შენარჩუნებაა. მედიაციის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

დღეს, გაფიცული მაღაროელების ნაწილი, პროტესტის გასაგრძელებლად, ჭიათურიდან თბილისშიც კი გამოემგზავრა. მათი მთავარი მიზანია, ხელისუფლებას მეტად მიაწვდინონ ხმა. მაღაროელების ერთი ჯგუფი აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან გამართავს. დასაქმებულების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანია  ,,ჯორჯიან მანგანეზი“  მაღაროელების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა. ამ ეტაპზე, ისინი მზად არიან ხელფასი მხოლოდ 5 %-ით გაზარდონ.

„მაღაროელებს 12 საათიან გრაფიკში ჰქონდათ კონკრეტული გეგმა მარგანეცის მოპოვებისა და ამ გეგმას თუ გადაჭარბებით ასრულებდნენ, დამატებით ხელფასს იღებდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროელების შემდგომ პერიოდში გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი და ამ ცვლაში, ანუ 24 საათში, სამჯერ ციკლით მოპოვება, ანუ აფეთქებიდან დაწყებული მარგანეცის გამოტანის პროცესი. ეს ადამიანები შიშობენ, რომ გეგმის გადაჭარბების დროს რა თანხაც ერიცხებოდათ, იმას ვეღარ აიღებენ.
კომპანია ხელფასების მატებასთან ერთად 8-საათიანი ცვლისა და მოპოვების პროცესის ცვლილებაზე არ გვთანხმდება, დანარჩენი მოთხოვნები რაც პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ – შრომის უსაფრთხოების პირობების, კვების, სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება, ამაზე გვთანხმდებიან, თუმცა ეს ორი მოთხოვნა დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ სურამელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს დაწყებული პროტესტის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, მიმდინარე წელს პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია. მსოფლიო კრიზისის ფონზე, კომპანიამ თანამშრომლებს შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას და ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლას. ამასთან, უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

მაღაროელები, მათი ოჯახები და ქალაქის მაცხოვრებლები პროტესტს ქუჩებში აქტიურად განაგრძობენ და გაჩერებას არ აპირებენ. გაფიცვის შედეგად ყველა მაღარო გაჩერებულია და სამი ათასზე მეტი დასაქმებული არ მუშაობს. ეს ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის პირველი შემთხვევა არ არის. ისინი საკუთარი უფლებების დაცვას, ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას 2019 და 2021 წლებშიც მოითხოვდნენ.

როგოც ცნობილია, მაღაროელების ხელფასი, მათი სამუშაო პოზიციების მიხედვით განსხვავდება. მათი თვიური ანაზღაურება 1200-1400 ლარამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ხელფასი კი 2000 ლარამდე აღწევს.

 

ლიკა მაჩხანელი