მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა

ფოტო: ნეტგაზეთი

უკვე მეორე დღეა, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, აქციას მართავენ. მაღაროელების განცხადებით, დღეს დილიდან, აქციების პარალელურად, მათ შიმშილობაც დაიწყეს. გაფიცულ თანამშრომელთა მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

აქციის მონაწილეებმა დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს. მაღაროში დასაქმებულებმა კომპანიის ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით. ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს”, – აღნიშნეს მაღაროელებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან.

ფოტო: IPN

მინმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მედია სააგენტო ,,24“- მა  ეკონომიკის დოქტორი გიორგი კასრაძე ჩაწერა.

გიორგი, რა არის დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნა?

,, ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მრავალი წელია ოპერირებს. აქედან გამომდინარე, კომპანიაში დასაქმებულებს, სასურველი შედეგის მისაღწევად, სამწუხაროდ, ყოველთვის რადიკალური პროტესტის ფორმების გამოყენება უწევდათ. მაღაროელთა მოთხოვნებიდან გამოვყოფდი რამდენიმეს: ძველი სამუშაო განრიგის შენარჩუნების აუცილებლობას, ხელფასების 20%-ით მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ღია კარიერული წესით მოპოვებული მადნის ამოღების ადგილზე სრულფასოვანი რეკულტივაციის ჩატარებას.

მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს. თქვენი აზრით, კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი” რა გადაწყვეტილებას მიიღებს?

,,ჯორჯიან მანგანეზს“ დათმობაზე წასვლა მოუწევს. კომპანიას სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ ექნება. კომპრომისის მიუღწევლობის შემთხვევაში, კომპანია მაღაროელების სხვა მუშებით ჩანაცვლებას ვერ შეძლებს, რაც დამატებით ფინანსურ ზარალს შეუქმნის ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მესვეურებს და მეორეც, ჭიათურა მეტწილად მონოფუნქციური ქალაქია და ის მანგანუმის წარმოებაზეა დამოკიდებული. წარსულის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით და დღევანდელ რეალობასაც გავაანალიზებთ, დავინახავთ თუ რამდენად ერთ მუშტადაა შეკრული მოსახლეობა და რამდენად დიდია მაღაროელთა მიმართ სოლიდარობა, ჭიათურის საზოგადოების მხრიდან.

ხელისუფლების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია და რა უნდა მოიმოქმედოს, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს?

ხელისუფლების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში, იმიტომ რომ, ,,ჯორჯიან მანგანეზში“ წლებია სახელმწიფოს დროებითი  მმართველია დანიშნული და მიუხედავად იმისა, რომ ის წესით მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემის აღმოფხვრაზეა პასუხისმგებელი, ფაქტობრივად, ყველა პროცესში მონაწილეობს. ამას ცხადყოფს გასული წლების გაფიცვების მაგალითიც, და მეორეც ,ხელისუფლება ვალდებულია მედიაციის პროცესში დაიცვას მხარეთა თანაბრობის პრინციპი, რასაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების სრულფასოვანი ჩართულობაც მედიაციის პროცესში. ამ უკანასკნელს, სწორედ დასაქმებულთა შრომით უფლებებზე ევალება მუშაობა.

გიორგი, თქვენი აზრით, როგორი დასასრული ექნება ამ ყველაფერს, მაღაროელების მოთხოვნები შესრულდება?

ჩემი აზრით, ,,ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწევს დათმობაზე წასვლა. მანგანუმზე ფასი და მოთხოვნა, ამ დროის მონაცემებით, ნამდვილად შემცირებულია, თუმცა, არა იმდენად, რომ კომპანიამ სრულფასოვანი მუშაობა ვერ შეძლოს. თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, დაახლოებით მსგავსი ფასი მადანზე პანდემიის პერიოდშიც იყო, თუმცა, მაშინ ,,ჯორჯიან მანგანეზს“ მუშაობა არ შეუჩერებია და არც წაგებაზე უმუშავია.

თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, როგორ განვითარდება მოვლენები?

რთული წარმოსადგენია რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. როგორც თავში აღვნიშნე, ჭიათურა მეტწილად მონოფუნქციური ქალაქია და აქ სამთო მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება ქალაქის ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს, რაც ათასობით ადამიანისთვის ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ ,,ჯორჯიან მანგანეზი“ დათმობაზე არ წავა და სცენარი იმ მიმართულებით წავა, რაზეც უკვე ვისაუბრე, ხელისუფლებას ხისტი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. მათ შორის, მაღაროების ნაციონალიზაციაც. სხვა შემთხვევაში, ჭიათურა, უბრალოდ, იმ 90-იანი წლების მსგავსად, ძალიან რთულ და სტრესულ პერიოდს დაუბრუნდება, რომელსაც თავი ძლივს დააღწია.

 

აქციის მონაწილეების თქმით, მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ, იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რადგან მათი გაჩერება ჭიათურის გაჩერებას ნიშნავს. ჯერჯერობით,  შეთანხმება ვერ შედგა. გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. “ჯორჯიან მანგანეზის” გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  კომპანია მზად არის დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზოს.

როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის. ფაქტია, რომ ჭიათურაში ყველას ცხოვრება, პირდაპირ თუ ირიბად, მაღაროების მუშაობასთანაა დაკავშირებული.

 

ლიკა მაჩხანელი