სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული პროგრამისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში, ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 233 000 ბავშვს შეეხება.

