სეულში ,,ქართული ღვინის საღამო“ გაიმართა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ,,ქართული ღვინის საღამო“გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. „ქართული ღვინის საღამოზე“ ღვინის პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  იური ნოზაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. საღამოს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განახორციელებს, როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე აშშ-სა და გერმანიაში. სეულში გამართულმა ღონისძიებამ ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი პროდუქცია ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, ღვინის იმპორტიორებისთვისა და მედიის წარმომადგენლებისთვის წარედგინათ. მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

ღონისძიებაზე კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თარაშ პაპასქუამ აღნიშნა, რომ კორეაში ქართული ღვინის აქტიური მოხმარების რეალური პოტენციალი არსებობს.

„ჩვენი საელჩო ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, რომ კორეის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს. სეულში გამართულ „ქართული ღვინის საღამოს“ 20-მდე კორეული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტით და არსებული პოტენციალის ათვისებით დაინტერესებულნი არიან“, – აღნიშნა თარაშ პაპასქუამ.

საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორმა ჩან ჯუნ პარკმაც მიმართა.

„კორეის რესპუბლიკის ღვინის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. ადგილობრივი იმპორტიორები და მომხმარებლები დასავლეთ ევროპისა და საქართველოს ღვინოებით უფრო მეტად დაინტერესდნენ. ისინი დარწმუნდნენ, თუ რამდენად მიმზიდველია ქართული ღვინო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები სულ მეტ ინტერესს იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ქართულ ღვინოს კორეის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია“, – აღნიშნა ჩან ჯუნ პარკმა.

ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინის“  წარმომადგენელმა, ტატა ჯაიანმა წარმოადგინა.

როგორც ცნობილია, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად   ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სამხრეთ კორეა განისაზღვრა. მიმდინარე წლის მაისში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენის პირველი ღონისძიება სწორედ სეულში გაიმართა.


ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება

პოდკასტი