მაჩხანის თეოდორე ტირონი – ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია

სოფელ წოდორეთიდან ბევერეთისკენ მიმავალ გზას თუ გაუყვებით, მარჯვენა მხარეს  მაჩხანის ეკლესიას შეხვდებით. მცირე ზომის დარბაზული  ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. წარწერების თანახმად, ეკლესია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაშია აშენებული. იგი, თბილისის მიდამოებში, ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებულია ძეგლია.

ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ჯვრებია გამოსახული, ხოლო კარის არქიტრავის ქვაზე სამშენებლო წარწერაა. ქართულ ასომთავრულ წარწერაში  ჩართულია არაბული ტექსტი, რის მიხედვითაც, ეკლესია  ჰომად კიტრისძეს აუგია. აღმოსავლეთ ფასადზე კიდევ ერთ წარწერას ვხვდებით:

,, აქ სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა წმინდისა ღმრთისმშობლისაითა შეწევნითა წმინდისა თევდორესითა აეშენა საყდარი ესე დიდგორის ხევისუფლობასა გელსაბისაი. ქალაქის უფლობასა ამირაისა ღიავარისა. იოვანეს უფალო შეუნდვენ ამინ“.

ორ ენაზე შესრულებული წარწერა ტაძარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

 

 

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და ღრმა ნიშია. მეორე სარკმელი კი სამხრეთის კედელშია. ინტერიერში  მე-11 საუკუნის მოხატულობის კვალია შემორჩენილი.

 

ტაძრის ირგვლივ ფეოდალური ხანის ნასოფლარია, რომელიც ტყით არის დაფარული. გარშემო მხოლოდ ქვის შენობებისა და კლდეში გამოკვეთილი სამალავი ქვაბის ნაშთებია შემორჩენილი.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:  https://youtube.com/shorts/nj_iNZwGxS0

 


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი