“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდასა და ფუნქციების გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწრაფი რეაგირებისთვის შემოწმების პროცესს დაიწყებს და გააგზავნის შეტყობინებას სასამართლოში, რათა სასამართლომ შემოწმების მიზანშეწონილობა დაადასტუროს. შემოწმების ინიცირების საფუძველი პაციენტის საჩივარი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული პრობლემური შემთხვევა, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, ასევე მშობიარის, ახალშობილის გარდაცვალება და ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა იქნება.
,, ზეპირი მოსმენის ნაცვლად დაზუსტდა, რომ, პროცესის დროს, სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს ამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რათა კლინიკას მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება პროგრამულ ნაწილსა და პროგრამების დროს თანხების არამართლზომიერი განკარგვის გამო დაწესებულ სანქციებს, ამ შემთხვევაში, შემოთავაზებულია სადავო თანხის გაყინვის მექანიზმი. დავა მარეგულირებელის ან სასამართლოს დონეზე წარიმართება და, ასევე, გამოყენებული იქნება სანქციები, რაც, ამ ნაწილში, მთავრობის დადგენილებებით იქნება განსაზღვრული.