ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომლის კარიც ყოველთვის ვარდებოდა
დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაში მდებარეობს. ტაძარი დაბურულ ტყეში დგას და სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. სამხრეთის მხრიდან თითქმის პირდაპირ კლდეზეა მიდგული. დასავლეთ კარზე ამოკვეთილი წარწერა გვაცნობებს, რომ ძეგლი 1333 წელს, გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს აუშენებია. მისი სახელი ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის თავზე მოთავსებულ სამშენებლო წარწერაში გადაშლილია და არ იკითხება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ადგილობრივები მას ჩრდილოეთის წმინდა გიორგის სახელით მოიხსენიებენ.
დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, სარკმელთან ერთად, ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული. მისი ძირითადი სივრცე დანაწევრებულია ორი საბჯენი თაღით, აფსიდის ვიწრო სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია, ეკლესიის კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, თანაბრად ნაწყობი კვადრებით, ფასადები კი უხვადაა მოჩუქურთმებული. განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთ ფასადი, რომლის ფართო სწორკუთხედით მოჩარჩოებული ჩუქურთმებიანი პორტალი და მის თავზე მდებარე სარკმელი ერთიან კომპოზიციას შეადგენენ. არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ სალოცავისთვის კარი რამდენჯერმეშეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა.
2006 წლის 7 ნოემბერს, დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/2S_Fsni4BDE