ლეგენდა, რომელიც მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს უკავშირდება

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია


,,აქ მტკვრის კიდეს არის მონასტერი ყოვლადწმიდისა, გუმბათიანი დიდი, მეტეხი, კეთილმშენი გორგასლისაგან“.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდებარეობს. ეკლესია XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. გარკვეული ისტორიული ცნობებით, ამ ადგილას ძეგლი გორგასლის ეპოქიდან არსებობს, რასაც ვახუშტი ბატონიშვილის ერთ-ერთი აღწერაც მოწმობს. იგი, ამ ადგილზე არსებულ ტაძარს, ,,გორგასლისგან შენებულს-საარქიმანდრიტოს“ უწოდებს.  სავარაუდოდ, ამ ადგილას მომცრო ზომის ეკლესია უნდა მდგარიყო, რომელიც XII-XIII საუკუნეებში  განაახლეს. დღევანდელ ტაძარსაც მრავლად ეტყობა შეკეთება-რესტავრაციის კვალი.

ეკლესია საკმაოდ დიდია. 12 სარკმლიანი გუმბათი ორ სვეტს და აღმოსავლეთის საკურთხევლის კედელს ეყრდნობა. მას, საკურთხევლის ორივე მხრიდან, სამკვეთლო და სადიაკვნე აქვს, ამბიონი და საკურთხეველი კი ორი საფეხურითაა ამაღლებული. ტაძარში ფრესკების კვალი აღარ ჩანს, რადგან შიგნიდან მთლიანად შელესილია,  გარედან კი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ტაძრის ფასადის განახლებულ ნაწილზე მხედრულ წარწერას ვხვდებით, სადაც იოთამ ამილახვარია მოხსენიებული.

ეკლესიაში დაკრძალულნი არიან ხეობისა და სოფლის თავადაზნაურულ გვართა წარმომადგენლები- მაღალაშვილები, თუხარელები და სხვა.

ტაძარს, სასულიერო დანიშნულებასთან ერთად, თავდაცვითი მნიშვნელობაც გააჩნდა. მას გალავანი ჰქონდა შემოვლებული, 4 თავდაცვითი კოშკით. დღეს მხოლოდ ერთი კოშკია  შემორჩენილი და მასზე სამრეკლოა მოწყობილი. რაც შეეხება გალავანს, ის სრულიად დანგრეულია. მის ადგილზე მცირე ქვის ღობეა შემოვლებული. ეკლესიაში  იყო ჭა და ქვევრებიც.

საუკუნეების მანძილზე, სოფელი მეტეხი ბევრჯერ ააოხრეს. აწიოკებული მოსახლეობა  გადასარჩენად სწორედ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს აფარებდა თავს. შემოსევების დროს, ჭა შიგნით შეფარებულ ადამიანებს წყლით უზრუნველყოფდა. მაცხოვრებლების გადმოცემით, ლეკების ერთ-ერთი შემოსევის დროს, ხალხს ტაძარში შეუფარებია თავი. ლეკებს გადაუწყვიტავთ ხრიკისთვის მიემართათ, რათა ეკლესიაში შეხიზნულები გამოეტყუებინათ. უფიქრიათ, რომ უწყლოდ დიდხანს ვერ გაძლებენ და გარეთ გამოვლენო. რამდენიმე დღის შემდეგ, ხალხს სარკმლიდან ცივი წყალი გადმოუსხამთ მტრისთვის. ამის შემხედვარე ლეკებს ფიჩხი და თივა უპოვიათ, ეკლესიისთვის შემოუწყვიათ და ცეცხლი წაუკიდებით. უცბად კოკისპირული წვიმა წამოსულა და ცეცხლი ჩაუქრია. ამ სასწაულის შემსწრე ლეკები თავზარდაცემულნი გაქცეულან.

ეკლესიის წინამძღვარი მცხეთის კათალიკოსს ემორჩილებოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად, აქ მონასტერი ყოფილა. შემდეგ თეთრი სამღდელოება მსახურობდა. ათეისტური რეჟიმის დამყარებისთანავე, მღვდელმსახურები ტაძრიდან გამოაძევეს, ტაძარი კი დაკეტეს. მოგვიანებით, ტაძარი საწყობად გადაუკეთებიათ და ხორბალსა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ინახავდნენ. დღეს ეკლესია რეაბილიტირებული და მოქმედია. ღვთისმშობლის მიძინების დღე ტაძარსა და სოფელ მეტეხში განსაკუთრებულად აღინიშნება.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი