დღეს შალვა ახალციხელის ხსენების დღეა

შალვა ახალციხელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია. იგი თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი და ვეზირი გახლდათ. ერისთავთერისთავი თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების-ახალციხელთა გვარის ფუძემდებლად ითვლება. მან შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში, ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ამ ომის მსვლელობას ეხება განძანის  წარწერა, რომელშიც შალვა ახალციხელის შესახებ ვკითხულობთ: ,,ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან… რომელმან ძალითა ლომისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი“.

შალვა ახალციხელი, სარგის თმოგველთან ერთად, ქართველთა ლაშქარს, კარისთვის ( ყარსი) ბრძოლებში სარდლობდა, ბასიანის ბრძოლაში კი ძმასთან ერთად მესხთა მოწინავე ლაშქარს ედგა სათავეში. წმინდანად შერაცხული მებრძოლი, ბასიანის ომის შემდეგ, მანდატურთუხუცესი გახდა და ეს თანამდებობა 1225 წლამდე ეპყრა.  თამარის მეფობის ბოლო წლებში, მან თურქთაგან, მესხთა მოწინავე ჯართან ერთად, კეჩროლიც გაათავისუფლა.

წმინდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის პერიოდში, ჯალალედინი დიდძალი ლაშქრით შემოიჭრა საქართველოში.  სოფელ გარნისთან 6000 ქართველი დადგა 200 000 მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალათ, ივანე ათაბაგი კი, ძირითად ნაწილთან ერთად, გადამწყვეტი იერიშის მისატანად დარჩა.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვთა მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, ივანე I მხარგრძელმა ძმებს დამხმარე ძალა არ მიაშველა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. გარნისის კლდეებში თავშეფარებულ ივანეს  მაღალი კლდიდან ქვა დაეცა და იქვე გარდაიცვალა,  შალვა კი ხვარაზმელებმა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს. გაიხარა ჯალალედინმა შალვა ახალციხელის დანახვით, პატივით მიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო მეტსაც დაპირდა, თუ რჯულს შეიცვლიდა.

,,ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაი შეუძლებელ არს ჩემგან“,- მხნედ უპასუხა წმინდანმა.

დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი რაინდის აზრის შეცვლას, თუმცა უშედეგოდ. მრავალი ტანჯვის შემდეგ, ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც აღესრულა.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი