ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ახალი ქართული ხელნაწერები შეემატა

2019 წელს, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, ბრიტანეთის ბიბლიოთეკას წინა საუკუნეში შექმნილი ხელნაწერები საჩუქრად გადასცა. ამჯერად, ოთხ ხელნაწერს კიდევ ორი ახალი ხელნაწერი შეემატა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა. ქართველმა კალიგრაფებმა გიორგი სისაურმა და ოთარ მეგრელიძემ, პირველად საქართველოს ისტორიაში, გადაწერეს და მოხატეს ორი ქართული ხელნაწერი: ,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისა“ და ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისა“.

კალიგრაფებმა ხელნაწერების წერის ტრადიცია გულდასმით შეისწავლეს, ქაღალდის მელანი და საღებავი ადრეული ტრადიციით დაამზადეს, ნიმუშებად კი  მე-12 საუკუნის მხატვრობის პრინციპები გამოიყენეს.  სახელოვანი მონარქების დიდებული პორტრეტებით, ბრწყინვალე მინიატურებითა და საზედაო ასოებით გაფორმებული ეს ხელნაწერები ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში აიკინძა, ტყავის ყდებში ჩაისვა და, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ექსკლუზიურადბრიტანეთის ბიბლიოთეკის კოლექციისათვის გაიგზავნა.

,,ხელნაწერები მნიშვნელოვანი დანამატია ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ქართულ კოლექციებში. ეს ხელნაწერები გაზრდის ჩვენი ქართული ხელნაწერის კოლექციის მნიშვნელობას. მათი წარდგენა შესაძლებელია ჩვენს ქართულ შუა საუკუნეების ხელნაწერებთან ერთად. ახალი ხელნაწერები  ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საქართველოს აკადემიურ და კვლევით განვითარებას“,- აღნიშნა ქართული ხელნაწერების კურატორმა ანა ჭელიძემ.

მსოფლიოს ერთ- ერთმა უდიდესმა სამეცნიერო უწყებამ, ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, თავის ოფიციალურ გვერდზე, ხელოვნების სასახლეში განხორციელებულ პროექტს შესანიშნავი პუბლიკაცია მიუძღვნა.

,, ფრიად დიდი პატივია, როცა ესოდენ ავტორიტეტული სიძველეთსაცავი თანამედროვე ხელნაწერების შენახვას თანხმდება და, მით უფრო, ასეთ პროექტს საგანგებო პუბლიკაციას უძღვნის. ვულოცავ პროექტის ხელმძღვანელს, საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს თამარ ლაცაბიძეს, რომელმაც ხელოვნების სასახლესთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით, თამამად ვიტყვი,რომ საქვეყნო საქმე გააკეთა; ვულოცავ ხელოვნების სასახლეს, კალიგრაფებს ოთარ მეგრელიძესა და გიორგი სისაურს ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავ საკუთარ თავს, მადლობას ვუხდი პუბლიკაციისთვის ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ქართული კოლექციების კურატორს ანა ჭელიძეს, მადლობა საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს ამ დიდი მნიშვნელობის პროექტის მხარდაჭერისთვის“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია პროექტის წარმატებით განხორციელებას.

რაც შეეხება პუბლიკაციას, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართულ ხელნაწერებს მიუძღვნა, ვკითხულობთ შემდეგს:

,, ქართულ ხელნაწერებს დიდი ისტორია აქვს ბრიტანეთის მუზეუმისა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ისტორიაში. პირველი ორი ხელნაწერი, ბრიტანეთის მუზეუმმა, 1887 წელს შეიძინა. დღეს აქ დაცულია შუა საუკუნეების შვიდი ხელნაწერი, მათ შორისაა მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის ხელნაწერები. ყველაზე ადრეული ხელნაწერები კი მოიცავს VIII-XVII საუკუნეემდე პერიოდს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მე -11 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარე ჯვრის ქართულ მონასტერშია დაწერილი. მუზეუმში, ასევე, ინახება 2018 წლიდან შექმნილი თანამედროვე ილუმინირებული ხელნაწერი.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კოლექციებში, ყველაზე ადრეული ქართული ხელნაწერი არის მე-11 ან მე-12 საუკუნის პალიმფსესტი, რომელიც დაწერილია ორიგინალურ ქართულ ტექსტზე და ებრაული კომენტარებითაა გაფორმებული. ეს არის პერგამენტის ფოთლის სამი ფრაგმენტი, სადაც ასომთავრულ დამწერლობას ვხვდებით. ქართული ტექსტი იერემიას წიგნის ნაწილებს შეიცავს. ხელნაწერის ზედწერილი კი ებრაულია.

მე-18 საუკუნის ხელნაწერი შედგება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ იმერეთის პროვინციის ქართველი დედოფლის ანა ორბელიანის სამი წერილისგან. დედოფალს ერთი წერილი იმპერატორ პავლესთვის  მიუწერია, მეორე- იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასთვის, მესამე კი რუსი ჩინოვნიკისადმი, რომლის სახელიც უცნობია.

ბიბლიოთეკას, მე-19 საუკუნიდან, აქვს საქართველოს სოციალისტური რევოლუციის პარტიის მუშის ხელნაწერი – ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმს პრინცმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა აჩუქა.

ასევე, აქ ინახება მე-20 საუკუნის  ოთხი წერილი და ერთი საფოსტო ბარათი, რომელიც ქართველ მწერალს გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის და ის მეგობრისთვის, დავით ყურულიშვილისთვის მიუწერია.

ამჯერად, ქართულ ხელნაწერებს კიდევ ორი ახალი შესანიშნავი ხელნაწერი შეემატა, რომელიც გაზრდის ჩვენი ქართული ხელნაწერის კოლექციის მნიშვნელობასა და ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას“.

 

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, მოხატული ქართული ხელნაწერები დღემდე არ ინახებოდა. ეს ხარვეზი გარკვეულწილად ჩრდილში აქცევდა ბრიტანეთის ქართული ხელნაწერების კოლექციას, სხვა კოლექციებთან შედარებით. ფაქტია, რომ დიდი გამოფენების მოწყობისა თუ კატალოგების გამოცემის დროს, სპეცილისტიც და ჩვეულებრივი დამთავლიერებელიც უფრო მეტ ყურადღებას მდიდრულად გაფორმებულ ხელნაწერებს უთმობს. ამიერიდან, ქართული ხელნაწერები მხოლოდ თაროებს აღარ შეავსებს,  ორი ახალი ქართული ხელნაწერი: ,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისა“ და ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისა“  თავის სათქმელს იტყვის და სპეციალისტებისა თუ დამთვალიერებელის ყურადღებას განსაკუთრებულად მიიქცევს.

 

ლიკა მაჩხანელი


XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

100-მდე არტეფაქტი რესტავრაციის პროცესში- დადიანების სასახლის უნიკალური კოლექციების რესტავრაცია აქტიურად მიმდინარეობს

ის, რაც ჯერ არასდროს ექსპონირებულა – ხელოვნების სასახლე მასშტაბურ გამოფენაზე გელოდებათ

პოდკასტი