100-მდე არტეფაქტი რესტავრაციის პროცესში- დადიანების სასახლის უნიკალური კოლექციების რესტავრაცია აქტიურად მიმდინარეობს

როგორც ცნობილია, დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ უნიკალურ კოლექციებს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში, რესტავრაცია უტარდება. სარესტავრაციო პროცესი ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მიერ, კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სრული დაფინანსებით მიმდინარეობს.

კოლექციებს შორის, განსაკუთრებით აღნიშვნავია სამეგრელოს უფლისწულის, ნიკოლოზ დადიანის უნიკალური პორტრეტი, რომელიც დედოფლისეული სასახლის მთავარ საგამოფენო დარბაზში ეკიდა. სამწუხაროდ, პორტრეტზე გაჩენილმა სოკოვანმა დაავადებამ მნიშვნელოვნად დააზიანა პორტრეტის ფერწერული ფენები და ნახატი.

ამავე გრანტის ფარგლებში, რესტავრაცია, ასევე,  სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის, პრინც აშილ მიურატის და პრინცესა სალომე მიურატის პირად მემორიალურ ნივთებს უტარდება. სამთავრო ოჯახის წარმომადგენელთა ყოფის ამსახველი უნიკალური აქსესუარები – სპილოს ძვლისგან დამზადებული სავარცხლები, სარკის ბუდეები და სუნამოს ფლაკონები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მათი რესტავრაციის შემდგომ, აღნიშნული ნივთები დადიანების სასახლეში პირველად გამოიფინება.

სარესტავრაციო პროცესი ითვალისწინებს ისეთი ძვირფასი ქრისტიანული ხატების რესტავრაციასაც, რომლებიც, თავის დროზე, მთავარ დავით დადიანისა და დედოფალ ეკატერინეს სამლოცველოს ეკუთვნოდა. მოოქრული ფერწერული ფენები მძიმე მდგომარეობაში იყო და მათი განადგურების აშკარა საფრთხე იდგა.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშემ, კრისტოფერ ანდერსონმა საქართველოს ხელოვნების სასახლეში  სარესტავრაციო პროცესი დაათვალიერა.

,,საქართველოში არის ძალიან საინტერესო და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. რესტავრაცია, რომელიც ხელოვნების სასახლეში მიმდინარეობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო და რთული პროცესი, ამ ყველაფერს კი პროფესიონალი რესტავრატორები აკეთებენ, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“,- აღნიშნა კრისტოფერ ანდერსონმა.

აღსანიშნავია, რომ 19-ე საუკუნის ნივთებს, იმ დროიდან დღემდე, არავინ შეხებია, ექსპონატების მდგომარეობა კი მძიმე იყო. დაზიანებული ნივთები მთლიანად ობით იყო დაფარული.

ხელოვნების სასახლე, რესტავრატორებთან ერთად, 3 თვეზე მეტია მუშაობს. 100- მდე არტეფაქტი დადიანების სასახლეს აღდგენილი სახით დაუბრუნდება და დამთვალიერებელი, უმეტეს მათგანს, საგამოფენო სივრცეში პირველად იხილავს.

 

ლიკა მაჩხანელი


XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ახალი ქართული ხელნაწერები შეემატა

ის, რაც ჯერ არასდროს ექსპონირებულა – ხელოვნების სასახლე მასშტაბურ გამოფენაზე გელოდებათ

პოდკასტი