სამონასტრო კომპლექსი, რომლის მოხატულობაც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ის ადგილია, რომელიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულად მოსწონს. ამ მხარის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი ტიმოთესუბანია. სოფელი XII-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპექსითა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრითაა ცნობილი. სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.

ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, უნიკალური მოხატულობის გამო, მსოფლიოს კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული. ტაძრის მოხატულობა შუა საუკუეების ქართული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და 1205-1215 წლებით თარიღდება. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი, სტილისტური ერთიანობის ფარგლებში, ერთმანეთისგან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით განსხვავდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში , თავისი პერიოდისთვის, ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა. აქ ფრესკების დიდი ნაწილი დღემდეა შენარჩუნებული.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, ძველი მონასტრის ნანგრევებზე, თორის მფლობელს შალვა ახალციხელს აუგია.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის გარდა, მონასტრის ტერიტორიაზე,  ზედა, ჩრდილოეთი ტერასაზე, წმინდა ბარბარეს ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესიამდებარეობს, რომლის დასავლეთ სარკმელზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთერისთავი“.

ეკლესია მოვარდისფრო ქართული აგურითაა ნაგები. 12 სარკმლიანი გუმბათის ყელი შემკულია ცისფერი მოჭიქული ლარნაკებით.  ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია შემონახული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე. მონასტრის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები.

უღმერთობის ხანაში ტაძარში სცენა იყო მოწყობილი, სადაც  „ტიმოთესუბნობა“ – სოფლის დღეობა იმართებოდა. 1998 წლიდან, ეპისკოპოს სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით, ტიმოთესუბანში  სამონასტრო ცხოვრება აღდგა.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებით, ტიმოთესუბნის კედლის მხატვრობა მსოფლიოს მონუმენტური ძეგლების მეთვალყურეობის ფონდის 2004 წლის გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებელი 100 ძეგლის ნუსხაში შევიდა. ამავე ცენტრის შემწეობით, ტიმოთესუბნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/-UPIaFvQytE


ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა

,,შოთაი და იაი“- მონასტრის ფრესკა, რომელსაც შოთა რუსთაველს უკავშირებენ

ეკლესია, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა

ლეგენდა, რომელიც მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს უკავშირდება

ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომლის კარიც ყოველთვის ვარდებოდა

პოდკასტი