ეკლესია, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა
მწვანე მონასტერი, იგივე ჩითახევის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევში, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. მისი აშენების ისტორიასა და სხვა სახის ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, მეცნიერების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მონასტერი, IX საუკუნის შუა წლებში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. გადმოცემის მიხედვით, აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული, რომლის ნაშთებიც დღეს ისევ შემორჩენილია.
კომპლექსში სამნავიანი ბაზილიკა და მოგვიანო სამრეკლო შედის. სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი წმიდა გიორგის სახელობისაა, მარჯვენა ნავი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის, მარცხენა ნავი კი წმიდა მეფე თამარის სახელზეა ნაკურთხი. ეკლესია ქედის დამრეცი კალთის ძირში დგას, ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვითა და დეკორი თითქმის არ გააჩნია.
მწვანე მონასტრის სამრეკლო ორსართულიანია. პირველ სართულზე საძვალე და პატარა სამლოცველოა,ხოლო მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
გადმოცემის მიხედვით, 16 საუკუნეში, შაჰ თამაზის შემოსევის შედეგად, ეკლესია დაარბიეს, ათობით ბერი აწამეს და დახოცეს. ბევრი დამალულა და გადარჩენილა. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა გამოსახული, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით, რომლებიც, წამების შემდეგ, მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზამთარში თუ ზაფხულში, ქვებზე სისხლი ერთნაირად ემჩნევა. მომლოცველები ამ სისხლიანი ქვების სანახავად ხშირად მიდიან. ბოლო პერიოდში, ეკლესიის მსახურებმა ერთი ქვა სპეციალურად ტაძარში, თვალსაჩინოებისთვის დადეს, რომელსაც მომლოცველები ემთხვევიან ხოლმე.
საუკუნეების განმავლობაში, ტაძარში ღვთისმსახურება აღარ სრულდებოდა. 1978 წელს, მონასტერში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. ტაძარი გაიწმინდა ნაყარი მიწისაგან და, შეძლებისდაგვარად, ეკლესიამ პირვანდელი სახე მიიღო. 2002 წლიდან, ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საბოლოოდ აღდგა.
2012 წელს, მონასტრის ტერიტორიაზე დაწყებული გაწმენდითი სამუშაოების დროს, ანტეფიქსის ქვა იპოვეს, რომლის ცენტრშიც ჯვარია გამოსახული. აღნიშნულ ჯვარს სამ მხარეს ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა მიუყვება. წარწერა გადმოცემულია ე.წ. “სარკისებური” ანუ შებრუნებული მოხაზულობით, რომლის შინაარსი შემდეგია: “წ(მიდა)ჲ გ(იორ)გი”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩითახევის ეკლესიის სახელობას.
2006 წლის 7 ნოემბერს, მწვანე მონასტერს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.