7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის შობის დღეა
“იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი “იოვანე”
7 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს.
იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. მას უდიდესი მისია ერგო-კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოემზადებინა. იოანეს ქადაგებით, არაერთი ადამიანი მივიდა უფალთან და შეიცნო ქრისტე. წმინდანის მოწაფეები იყვნენ ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი.
იოანე ნათლისმცემლის შობა სასწაულებით იყო სავსე. მისმა მშობლებმა – მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ერთხელ, როცა მღვდელმთავარი ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთიმსახურებას აღასრულებდა, ანგელოზი ეჩვენა და ამცნო: ,,შეისმინეს ვედრებანი შენნი და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.
დიდიხანი მალავდა წმინდა ელისაბედი დაორსულების ამბავს, ხალხის დაცინვას გაურბოდა, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა არ მოინახულა. მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა, ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლად: “კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა?”
როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან, რომლებიც ახალდაბადაბული იოანესთვის ზაქარიას დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა რომ ყრმას იოანეს დაარქმევდნენ. ყველანი გაოცდნენ. ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მღვდელმთავარმა ფიცარი მოითხოვა და დაწერა : ,,იოვანე არს სახელი მისი“.
ღვთის განგებით, ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი და სულიწმინდის მადლით, წინასწარმეტყველებაც დაიწყო. მღვდელმთავარმა ჩვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.
მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა,რომ ბეთლემსა და მის შემოგარენში ყველა ყრმა ამოეწყვიტათ. ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა, ზაქარია კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. ზაქარიამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.
წმინდანი მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისთვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”. მრავალი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად.
ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ანუ განცხადება წმინდისა სამებისა არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. სახარების თანახმად, ამ დღეს მაცხოვარი მიბრძანდა მდინარე იორდანესთან და როგორც რიგითმა ადამიანმა, ნათელი იღო მისგან.
როცა მაცხოვარი იოანესთან მივიდა, მან ჰკითხა: ,,მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?” (მათე 3, 14). იესომ კი უპასუხა: ,,დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე”. (მათე 3, 15) მაშინ იოანემ წყალში მონათლა იგი და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.ღვთისგან დაშვებული იყო, რომ უფალს ნათელი ეღო სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან. ნათლისღება იყო კაცობრიობისათვის ცოდვების განმწმენდელი.
იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა. წმინდანს თავი მოჰკვეთეს. იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ღვთისმშობლის შემდეგ, იგი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. წმინდა იოანე არის მოძღვარი სინანულისა.
იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეები 19 იანვარს ( ნათლისღება), 7 ივლისსა (შობა) და 11 სექტემბერს ( თავის კვეთა) აღინიშნება.